მთავარისაქართველოPACE-ს 51 დეპუტატის განცხადებით, საქართველომ ავტორიტარული კურსი უნდა შეიცვალოს

PACE-ს 51 დეპუტატის განცხადებით, საქართველომ ავტორიტარული კურსი უნდა შეიცვალოს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი აცხადებს, რომ თუკი საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეიცვლის, დაიწყებენ ორგანიზაციიდან ქვეყნის გაძევების პროცესს.

დეპუტატთა მიმართვაში ნახსენებია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2025 წლის 29 იანვარს მიღებული რეზოლუცია.

ამ რეზოლუციის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილისთვის „საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაეკმაყოფილებინა დემოკრატიული სტანდარტები, ასევე გაეთავისუფლებინა დემონსტრაციებისას დაკავებული პირები და გამოეცხადებინა ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

19 აგვისტოს დოკუმენტში კი ნათქვამია, რომ ნაცვლად ვითარების გაუმჯობესებისა, ის „დრამატულად გაუარესდა“.

„ეს აღარ არის იზოლირებული შემთხვევები, ესაა თანმიმდევრული კამპანია, რომლის მიზანია ოპოზიციის გაქრობა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დატოვა ასამბლეა.

რეპრესიების ამ გზით საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, არღვევს  თავის ვალდებულებებს და ლახავს ასამბლეის ავტორიტეტს…“ – ნათქვამია განცხადებაში.

51 დეპუტატის განცხადებით, რეზოლუციის მიღების შემდეგ საქართველოში დააკავეს ოპოზიციის მაღალი რანგის ლიდერები, ასევე დაიწყეს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების, მათ შორის მედიის წარმომადგენლების შეზღუდვა და სისხლისსამართლებრივი დევნა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ „ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend