უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი ეხმაურება პედაგოგისა და სამოქალაქო აქტივისტის, ნინო დათაშვილის პატიმრობას.
სოციალურ პლატფორმა X-ზე ის წერს, რომ „ყურადღებით დააკვირდება ნინო დათაშვილის საქმეს, შეშფოთებულია მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანის მცდელობით“. პოსტში მერი ლოულორი პედაგოგისა და აქტივისტის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტის, ნინო დათაშვილის საქმეზე მომდევნო პროცესი 21 აგვისტოს გაიმართება. მისი საქმე მოსამართლე ლელა კალიჩენკოსგან მის კოლეგას, თამარ მჭედლიშვილს გადაეცა.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. 2 აგვისტოს მისმა უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ „ნინო დათაშვილს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანენ“.
