თბილისის მერისა და ამავე თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, „35 წლის შემდეგ დედაქალაქში ტრამვაი დაბრუნდება“.
მისი განცხადებით, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის 7.5 კილომეტრიანი ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს და 11 გაჩერებას მოიცავს.
თბილისის მერის განმარტებით, პროექტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე განტვირთავს და განავითარებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი… დიდი დიღმის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით, საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შექმნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური არის ტრამვაი. იგი, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გამტარუნარიანია. იგი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და გრძელვადიან პერიოდში სხვა მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტის სახეობებს შორის გაცილებით ხარჯთეფექტურია…“ – თქვა კახა კალაძემ.
თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი დღეს, 20 აგვისტოს გამოცხადდა.