ავტორიტარული კურსიდან დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებისკენ თბილისს ამჯერად სტრასბურგიდან მოუწოდებენ. მოწოდების ავტორი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატია.
ისინი დეკლარაციას ავრცელებენ, სადაც საუბრობენ ზომებზე, რომელთა გატარებაც მოუწევთ საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს სტატუსის მე-3 მუხლის ძირითადი პრინციპების დარღვევისთვის.
დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კონკრეტული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო აპრილამდე ჰქონდა. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ასამბლეის ცალხმრივად დატოვებით ქართულმა დელაგაციამ ორგანიზაციის „ავტორიტეტი შელახა“.
„ვითარება დრამატულად გაუარესდა. ოპოზიციის წამყვანი ლიდერები დაპატიმრებულნი არიან. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები კი იდევნებიან სისხლის სამართლის წესით პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით.
ეს აღარ არის იზოლირებული შემთხვევები, ესაა თანმიმდევრული კამპანია, რომლის მიზანია ოპოზიციის გაქრობა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება.
გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დატოვა ასამბლეა.
რეპრესიების ამ გზით საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, არღვევს თავის ვალდებულებებს და ლახავს ასამბლეის ავტორიტეტს…
თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, ჩვენ დავაყენებთ საკითხს საქართველოს დელეგაციის მანდატების გამოწვევის შესახებ არსებითი საფუძვლებით და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლში ნახსენები ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევისთვის“ – ნათქვამია PACE-ს 51 დეპუტატის განცხადებაში.
ევროპელი დეპუტატების კრიტიკას პასუხობს კრიტიკის ადრესატი „ქართული ოცნება“. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს დასავლელ პარტნიორებს „ევრობიუროკრატებს“ უწოდებს, ხოლო მათ განცხადებებს „აბსურდულს“.
„ისედაც, საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ასეთ პირობებში, თავადაც ხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია. ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. სამწუხაროდ, სრულ აბსურდშია ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის სხვა წევრები კი, მათი თქმით, „სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების“ შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნას ახსენებენ. ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციას „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ იწვევს.
„ქართველმა ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელსაც საკუთარი დასკვნით მხარი დაუჭირა ეუთო/ოდირ-მა და განაცხადა, რომ არჩევნები შედგა და სამართლიანი იყო. ეს ყველაფერი იგნორირებული იყო იმ უწყებების, ევროსაბჭოს კონკრეტული პარლამენტარების და, ზოგადად, ევროკავშირის მხრიდან, რომელზეც დღეს აპელირებენ და კვლავ უსამართლოდ და უსაფუძლოდ ითხოვენ რაღაც კონკრეტულ ცვლილებებს. პირველ რიგში, ყური უგდონ ქართველ ხალხს, როგორც ევროსაბჭოში, ასევე ევროკავშირში…“ – ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი.
ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიზნებზე საუბრობს, რაც, მათი თქმით, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას გულისხმობს.
„ქართული ოცნების“ რეჟიმის ერთადერთი მიზანი და ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის სრული და საბოლოო საერთაშორისო იზოლირება, ჩვენი გარიცხვა იმ ინსტიტუტებიდან, რომლებშიც ჩვენ ვართ ისტორიულად და ხელის შეშლა იმისთვის, რომ არ შევიდეთ ახალ შესაბამის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში…“ – თქვა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ.
„ეს არის კატასტროფული ვითარება, რომლის გამოსწორების ერთადერთი შანსი არსებობს – საქართველოში ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ აქამდე გეგმაზომიერად მიგვიყვანა ივანიშვილმა და მათი ხელისუფლების მიმართ რაიმე მოთხოვნების წაყენებას, მგონია, რომ არავითარი აზრი არ აქვს, ისინი, პირიქით, გააუარესებენ ვითარებას…“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა 29 იანვარს შეწყვიტა. ამავე დღეს ორგანიზაციამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები „დემოკრატიის უკუსვლად“ შეაფასა.
აქამდე ევროსაბჭოში წევრობა შეუჩერდა რუსეთს – 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტპატიმრების რაოდენობის გაზრდის გამო მიღებული რეზოლუციის შემდეგ, ასამბლეაში 2024 წლიდან მონაწილეობა შეაჩერა აზერბაიჯანმა.
თუკი 51 დეპუტატის განცხადება რეალობად იქცევა, ევროსაბჭოში დასრულდება საქართველოს 26-წლიანი წევრობა, რომელიც 1999 წლის 27 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ამ სიტყვებით დაიწყო: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“
