„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა“ და „ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების“ მიზეზით, ამსტერდამი თბილისთან, დროებით წყვეტს MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამას. ეს არის პროგრამა, რომელიც მუშაობს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სოციალურ და დემოკრატიულ რეფორმებზე.
ინფორმაციას, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ადასტურებს საქართველოში ნიდერლანდების საელჩო.
დიპლომატიური უწყების თანახმად, ნიდერლანდების სამეფო ყოველთვის იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი, ქვეყნის კანონის უზენაესობის გაძლიერების პროცესში.
საელჩო განმარტავს, რომ პროგრამის ფარგლებში, 200-მდე პირმა და საჯარო მოხელემ მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესში. მათივე ინფორმაციით, ორმხრივმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს საჯარო ინსტიტუციის გაძლიერებაში.
განცხადებაში ნიდერლანდების საელჩო იმედოვნებს, რომ სამომავლოდ, საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, თანამშრომლობა გაგრძელდება.