მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირში „ყველა მიმართულებით უკუსვლაა“

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირში „ყველა მიმართულებით უკუსვლაა“

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საქართველო სრულად იქნება მზად 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის“. თუმცა, მისივე განმარტებით, ამისთვის ბრიუსელმა მიდგომები უნდა შეცვალოს.

კერძოდ, ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის შემაშფოთებელია „ევროკავშირში დღეს არსებული ტენდენციები“. ის ამბობს, რომ ევრობლოკის მასშტაბით „ყველა მიმართულებით უკუსვლაა“. ამასთან, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „ყველა ობიექტური შემფასებელი“ მიუთითებს, რომ საქართველო „ყველა პარამეტრით არის ევროპის საუკეთესო ოცეულში“.

„გაცხადებული გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90%-ზე მეტს შევასრულებთ, 2030 წლისთვის მზად ვიქნებით თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრებისთვის. მთავარია, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები. დღეს ტენდენციები შემაშფოთებელია, ადამიანის უფლების, დემოკრატიის კუთხით, ყველა მიმართულებით უკუსვლაა ევროკავშირის მასშტაბით. იმედი გვაქვს, ვიდრე ჩვენ 2030 წელს მზად ვიქნებით ევროკავშირში გაწევრებისთვის, ევროკავშირში ეს ტენდენციები შეიცვლება… ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს განსხვავებული ვითარებაა, გამომდინარე ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან. დიდი იმედი მაქვს, ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ევროპელ პარტნიორებს ირაკლი კობახიძე კვლავ „ევრობიუროკრატებად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ მმართველი პარტიისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მოთხოვნა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ბრიუსელის ერთ-ერთი მოთხოვნაა. პრემიერ-მინისტრი ასევე ამბობს, რომ მზად არის დიალოგისა და ჯანსაღი დისკუსიისთვის, როგორც თავად ამბობს, „ნებისმიერ თემაზე“. მისივე მტკიცებით, ამ დისკუსიებს თავს არიდებენ თავად ევროპელი პარტნიორები:

ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მზადყოფნას, რომ გავმართოთ ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვხურავთ არც ერთ საკითხს, მაგრამ გვინდა ჯანსაღი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ დღემდე, ევროპული ბიუროკრატია თავს არიდებს ამგვარ ჯანსაღ დისკუსიას, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს, სიმართლე არის ჩვენს მხარეს…“

ამასთან, ირაკლი კობახიძე საუბრობს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით, ბოლო 1 წლის განმავლობაში მიიღო. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის „აბსოლუტურად ჯანსაღი კანონები“:

„გადავდგით აბსოლუტურად ჯანსაღი ნაბიჯები, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ სამართლის უზენაესობას და დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, არავის ვაძლევთ საშუალებას, რომ გარედან შეცვალონ ხელისუფლება, მოვიწყონ რევოლუციები, ჩაერიონ ჩვენს არჩევნებში…“

ევრორეკომენდაციების ფარგლებში, მმართველ პარტიას 31 აგვისტოს ჩათვლით აქვს დრო, ე.წ. „ქართულ FARA“-სა და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონის გასაუქმებლად. თბილისის ევროპელი პარტნიორები ორივე კანონსა რეპრესიულს და დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუსაბამოს უწოდებენ.

რეკომენდაციებს „ქართული ოცნება“ განსხვავებული გზავნილებით პასუხობს და ამბობს, რომ პარტია „ნაკისრ ვალდებულებებს სრულფასოვნად ასრულებს“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend