მთავარისაქართველო„ქართული ოცნება“ ევროკომისიის ანგარიშებს დადებითად აფასებს, თუმცა აკრიტიკებს ინსტიტუტის პრეზიდენტს

„ქართული ოცნება“ ევროკომისიის ანგარიშებს დადებითად აფასებს, თუმცა აკრიტიკებს ინსტიტუტის პრეზიდენტს

„ქართული ოცნების” ოფისში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მისი თქმით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ანგარიში წარადგინა.

მან თქვა, რომ ყველა ანგარიში „ობიექტური შემფასებლების მიერ არის მომზადებული”, რომელთა თანახმადაც, „საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს“, ასევე ევრობლოკის კანდიდატ ქვეყნებს.

ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს მიმართ კრიტიკაში დაადანაშაულა, ხოლო საქართველოს დასავლელ პარტნიორებს რამდენჯერმე უწოდა „ევრობიუროკრატები”.

„ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ საქართველოს მიმართ მწვავე და უსამართლო კრიკიტიკით გამორჩეული ქალბატონი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა, მათ შორის: „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“, „ლიდერობისა და შორსმჭვრეტელობის“, „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა“ და „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის“ ინდექსები.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის მიერაა მომზადებული და გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და მონაცემებს, ანუ ობიექტურ კრიტერიუმებს და ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ თითოეული ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ…“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბრიფინგზე „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ახსენა ბრიუსელის რეკომენდაციებიც. მათ შესასრულებლად ხელისუფლებას ვადა ეწურება 31 აგვისტოს.

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ევროინტეგრაციის გზაზე, „საქართველოს საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს”, ხოლო პარტია „პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს“:

„როგორც კი საქმეში პოლიტიკური მდგენელი, ანუ „დიფ სთეითის“ მიერ მართული ევრობიუროკრატია ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი, რაც სრული აბსურდია, ამას დღეს ჩემს მიერ წარმოდგენილი, კომისიის დაკვეთით გამოქვეყნებული ანგარიშიც ადასტურებს… ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ და როგორც ჩანს ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში…

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ყველა მიმართულებით განიცდის პროგრესს, „დიფ სთეითი“ და ევრობიუროკრატია, რეალურად, სულ სხვა მოთხოვნებს და კრიტერიუმებს უწესებს საქართველოს – მოთხოვნებს, რომლებიც საზიანოა ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, სრულიად მიუღებელია და შეუთავსებელია ქართულ იდენტობასთან…“ – ამბობს მამუკა მდინარაძე.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც. მისი განმარტებით, კენჭისყრის პროცესზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირმა „დიდი სურვილი არ გამოთქვა“. მმართველი პარტიის პოზიცია მამუკა მდინარაძემ კი ასე ახსნა: „ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება არა – ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, „სულერთიას“ პოზიციაზე ვართ“.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:35
spot_imgspot_img
Send this to a friend