მთავარისაქართველოაქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე პროკურორებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს

აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე პროკურორებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს

საპროტესტო აქციებისას დაკავებული რვა პირის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა.

პროკურორების, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები პოლიციელების მიმართ უწყვეტად გამოხატავდნენ აგრესიას, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგანსა და პიროტექნიკას. პროკურორების განმარტებით, ამ ქმედებებმა „საფრთხე შეუქმნეს პოლიციელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ძალადობრივ ქმედებებს, სხვა პირებთან ერთად აორგანიზებდნენ ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.

პროკურორმა, ვახტანგ ცალუღელაშვილმა გამოყო ბრალდებული ზვიად ცეცხლაძე და თქვა, რომ მან „30 ნოემბერს ძალადობაში მონაწილე პირებს გააცნო ჯგუფური ძალადობის გეგმა… განსაზღვრა კონკრეტული ლოკაციები, სადაც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა”.

მანამდე, სხდომაზე დაცვის მხარემ ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა. მისი ავტორი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროა. ამ დასკვნის თანახმად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების, თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეომტკიცებულება დამონტაჟებულია.

საუბარია იმ ვიდეოებზე, რომლებიც პროკურატურამ მოიპოვა და ორივე ბრალდებულის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს მთავარ მტკიცებულებებად დაურთო.

ადვოკატის, ნინო ლომინაძის განმარტებით, ექსპერტიზის ბიუროსთან დაცვის მხარეს ორი კითხვა ჰქონდა:

1) არის თუ არა წარდგენილი ვიდეომასალა უწყვეტი?

2) ვიდეომასალაზე არის თუ არა მონტაჟის კვალი?

ორივე ბრალდებულს, თორნიკე გოშაძესა და ირაკლი მიმინოშვილს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროევროპული აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე მომდევნო სხდომები 25 და 27 აგვისტოს გაიმართება. ამ პროცესებზე სასამართლო მოუსმენს დაცვის მხარისა და ბრალდებულთა დასკვნით სიტყვებს.

სავარაუდოდ, პირველ სექტემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი 8 პირის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:35
spot_imgspot_img
Send this to a friend