მთავარისაქართველოსასამართლომ თევდორე აბრამოვი გაამართლა

სასამართლომ თევდორე აბრამოვი გაამართლა

სასამართლომ საპროტესტო აქციებისას დაკავებული თევდორე აბრამოვი გაამართლა. განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. მან აბრამოვი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროკურატურა 22 წლის თევდორე აბრამოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა. ეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას ან ტარებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 8-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თევდორე აბრამოვი პოლიციამ 2024 წლის 7 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე მიმავალი საკუთარ სახლთან დააკავა. მისი ადვოკატები ამტკიცებნენ, რომ „საქმე მთლიანად გაყალბებულია“ და რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით აბრამოვის ბრალეულობა არ დასტურდება.

საქმეში არ იყო თევდორე აბრამოვის ჩხრეკის ვიდეო. პოლიციელმა, რომელმაც აბრამოვისგან ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო, სასამართლოში გამოკითხვისას განაცხადა, რომ ჩხრეკას ორ სამართალდამცავთან ერთად ატარებდა, თუმცა ვერც ვიდეოგადაღება და ვერც ნეიტრალური პირის დასწრება ჩხრეკაზე ვერ მოხერხდა. მიზეზი კი ისაა, რომ აბრამოვი მათ „წინააღმდეგობას უწევდა“.

14 აგვისტოს სხდომათა დარბაზში საბოლოო სიტყვის თქმისას თევდორე აბრამოვმა განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან შეხება არასდროს ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ გაამართლა აქციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გიორგი ახობაძეც. ნარკოდანაშაულს პროკურატურა აქციებისას დაკავებულ კიდევ რამდენიმე პირს ედავება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend