საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თურქეთის 12 მოქალაქე დააკავეს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი დონდოლაძის განცხადებით, დაკავებული პირები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე იძებნებოდნენ.
მისივე განცხადებით, დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირები, კერძოდ: დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის (მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის), მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები.
შსს-ს განცხადებით, ამჟამად თორმეტივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.