მთავარისაქართველომიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. შეხვედრის შემდეგ კი, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მან თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები და მნიშვნელოვანი რეგიონული საკითხები. ამასთან, მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით რეგიონულმა თანამშრომლობამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ის მიზნად ისახავს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არიან განახორციელონ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები”, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ წლებია, თურქეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მყარ საფუძველზე დგას.

„თურქეთი და საქართველო არ არის მხოლოდ მეზობელი ქვეყნები. ეს ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთაც ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები აერთიანებთ.

ჩვენს დისკუსიებში, რომლებიც ეფუძნება ეკონომიკურ, კულტურულ და ისტორიულ კავშირებს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზაობას, ჩვენი ურთიერთობები გავაღრმაოთ. ჩვენ გავაგრძელებთ ვაჭრობისა და ჩვენი ურთიერთობების განვითარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. წლებია თურქეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა მყარ საფუძველზე დგას.

ჩვენი დისკუსიების დროს ჩვენ ასევე გავცვალეთ აზრები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს რეგიონსა და საერთოდ მსოფლიოში ხდება. მსურს, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ხაზი გავუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend