მთავარისაქართველოანატოლი გიგაურს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ანატოლი გიგაურს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

აქციებისას დაკავებულ ანატოლი გიგაურს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. მან პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაურის ბრალი განაჩენის გამოცხადებისას გადააკვალიფიცირა და იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

პროკურატურა გიგაურს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედავებოდა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

ანატოლი გიგაური სამართალდამცველებმა 2024 წლის 24 ნოემბერს დააკავეს. სახელმწიფო ბრალდების თანახმად, მან პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას ხელი დაარტყა. ანატოლი გიგაურის დაცვის მხარის პოზიციით,  ამას წინ პოლიციელის მხრიდან ძალადობა უძღოდა და შესაბამისად, ანატოლი გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. თავის მხრივ განაჩენის გასაჩივრებაზე საუბრობს ანატოლი გიგაურის დაცვის მხარეც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend