„ქართული ოცნების” ოფისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის მერობის კანდიდატები წარადგინა 63 მუნიციპალიტეტში.
„დღეს, როგორც „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მინდა, წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით – 63 მუნიციპალიტეტში.
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა სარგებლობს გამორჩეულად მაღალი ნდობით საზოგადოებაში. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანა არის ამ ნდობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცება. ეს არის ჩვენი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების, ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების, საკრებულოს წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების თითოეული თანამშრომლის დამსახურება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამისათვის ყველა მათგანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც გასული 4 წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ემსახურებოდნენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს და ადგილობრივ მოსახლეობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმითვე, 63 კანდიდატიდან უმრავლესობა მოქმედი მერი, ან მერის მოვალეობის შემსრულებელია, თუმცა, მისივე განცხადებით, არიან ახალი კანდიდატებიც.
„ქართულმა ოცნებამ” კახეთში 8 მუნიციპალიტეტიდან 5-ში მოქმედი მერები წარადგინა კანდიდატებად:
ახმეტაში – ალექსი ფიცხელაური, გურჯაანში – გიორგი მაჭავარიანი;
დედოფლისწყაროში – ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ლაგოდეხში – ჯონდო მდივნიშვილი;
სიღნაღში- მალხაზ ბეგიაშვილი;
ყვარელში ქართული ოცნების” მერობის კანდიდატად წარადგინეს ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი;
საგარეჯოში საჯარო მოსამსახურე ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.
თელავში მერობის კანდიდატია კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე ვაჟა მაღრაძე.
ქვემო ქართლში, 7-დან 4 მუნიციპალიტეტში მოქმედი მერები წარადგინეს კანდიდატებად.
რუსთავში- ნინო ლაცაბიძე, გარდაბანში – დავით კარგარეთელი;
დმანისში – კობა მურადაშვილი, წალკაში კი ილია საბაძე.
„მარნეულში ჩვენი კანდიდატი იქნება დაური ისმაილოვი, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და სტაჟი; თეთრიწყაროში წარვადგენთ თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს – მიხეილ აფციაურს; ხოლო ბოლნისში წარმატებულ იურისტს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით – ზამური ჭითანავას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მცხეთა-მთიანეთში, თიანეთის მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ” მოქმედი მერი, ლევან წიკლაური წარადგინა. ხოლო მცხეთაში – გოგი აბუაშვილი.
„დუშეთში წარვადგენთ დუშეთის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს – კახაბერ ჩიტაურს; ხოლო ყაზბეგში წარმატებულ ინჟინერს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილებით – კობა გელაძეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენისას.
შიდა ქართლში, 4-დან 3 მუნიციპალიტეტში მმართველმა პარტიამ წარადგინა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელი.
გორში – კონსტანტინე ბუზალაძე, ქარელში – ზაზა გულიაშვილი,
კასპში – ვახტანგ მაისურაძე.
ხაშურში „ქართული ოცნების” კანდიდატი არის პაატა ჩადუნელი, რომელსაც ირაკლი კობახიძის განცხადებით, კერძო სექტორში უმაღლეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, აქ მმართველი პარტია, 6-დან 4 მუნიციპალიტეტში მოქმედ მერებს წარადგენს:
ადიგენში – გოჩა ქიმაძე, ასპინძაში – როსტომ მაგრაქველიძე;
ახალქალაქში – მელქონ მაკარიანი, ნინოწმინდაში – ანივარდ მოსოიანი.
ახალციხეში „ქართული ოცნების” კანდიდატია ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ბორჯომში კი მამუკა გელაშვილი, რომელსაც ირაკლი კობახიძის თქმით, სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
იმერეთში მმართველი გუნდი 12-დან 9 მუნიციპალიტეტში წარადგენს მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს.
ქუთაისში – დავით ერემეიშვილი, საჩხერეში – ლევან ივანაშვილი
ჭიათურაში – გივი მოდებაძე, ხარაგაულში – კობა ლურსმანაშვილი,
თერჯოლაში – მანუჩარ რობაქიძე; ვანში- ალექსანდრე გოგორიშვილი, სამტრედიაში- დავით ბახტაძე, ხონში – ლადო ჯურხაძე, წყალტუბოში- გენადი ბალანჩივაძე.
„ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე; ხოლო ტყიბულში – დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე იყო ჩვენი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე ტყიბულის მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი, ქართულმა ოცნებამ 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარეები წარადგინა.
ცაგერში – ჭაბუკი ჭაბუკიანი, ლენტეხში კი გიორგი გაზდელიანი.
„რაჭაში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ წარმატებულ მეწარმეებს: ამბროლაურში – ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში – დავით ლობჟანიძეს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9-დან 5 მუნიციპალიტეტში, „ქართულმა ოცნებამ” მოქმედი მერები წარადგინა.
ფოთში – ბექა ვაჭარაძე, ხობში – დავით ბუკია, სენაკში- ვახტანგ გადელია, აბაშაში – გიგა გაბელაია, მესტიაში კი კაპიტონ ჟორჟოლიანი.
„ზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი – დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი – ჯუმბერ იზორია; მარტვილში წარმატებული მეწარმე – გიორგი ნაჭყებია; ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე – ნიკა კანკია.
გურიაში მოქმედ მერს – ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი – პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში, ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე – მინდია ჟღერია”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აჭარაში კი მმართველმა პარტიამ, მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელი წარადგინა 6-დან 3 მუნიციპალიტეტში.
ქობულეთში – ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურში – ზაზა დიასამიძე;
შუახევში კი ომარ ტაკიძე.
ხოლო 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარადგინეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატები, ქედაში – მამუკა თურმანიძე, ხულოში კი ვახტანგ ბერიძე.
ბათუმში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი – გიორგი ცინცაძე.
„დარწმუნებული ვართ, უკლებლივ ყველა კანდიდატი მოიგებს არჩევნებს შესაბამის მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა არის ცხადი – ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. კვლევებიც ადასტურებს იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური და რეალისტური ამოცანა. ბუნებრივია, ჩვენი საარჩევნო შტაბი, პარტია იქნება თავიდან ბოლომდე მობილიზებული იმისათვის, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ. წარმატებებს ვუსურვებ მერობის კანდიდატებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.