თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის, პროცესი დასრულდა. ამ საქმეზე გადაწყვეტილებას კი მოსამართლე ხვალ, 12 აგვისტოს, გამოაცხადებს. დღეს დასკვნითი სიტყვა თქვეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა და ასევე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა თავად ბაჩიაშვილმაც. მისი ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არანაირი დანაშაული არ დასტურდება.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ამ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, ჩვენება არის ინფორმაცია, რომელსაც პირი მიაწვდის სასამართლოს, შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილმა ჩვენება ფიცის დადების შემდეგ ამომწურავად მიაწოდა სასამართლოს და მათ შორის, პროკურორის კითხვებს პასუხობდა, დაახლოებით, საათ-ნახევარი. რაც შეეხება ურთიერთწინააღმდეგობრივ ჩვენებებს, მე დღეს თითქმის ნახევარი საათი ვსაუბრობდი, რომ ბრალდების მხარის მოწმეების, კერძოდ, „ქართუ ბანკის” წარმომადგენლის ჩვენებებსა და გამოკითხვის ოქმის დროს მიწოდებულ ინფორმაციას შორის არის არსებითი წინააღმდეგობა და სწორედ ამის გამო არ უნდა მოხდეს გაზიარება.
და მესამე – არც გიორგი ბაჩიაშვილს, არც სხვა რომელიმე ბრალდებულს ჩვენი კანონმდებლობით არ ევალება, ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, თუმცა, ჩვენ უკვე ორი წელია ვხედავთ ამ სასამართლო პროცესებს და რეალურად, გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას და ამას ამტკიცებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და უტყუარი მტკიცებულებებით, ისეთი, როგორიც არის სესხის ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი, საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებები და ა.შ.”- განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
ბრალდების მხარის განცხადებით კი, დაცვის მხარისა და თავად ბაჩიაშვილის პოზიცია რეალობას სრულად აცდენილია.
„ძალიან მარტივი მოცემულობაა – სააპელაციო საჩივარში როდესაც გაასაჩივრა მსჯავრდადებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა ეს საქმე, გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას უარი ეთქვა მისი ჩვენებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და როდესაც წინა პროცესზე დაიკითხა, მან უარი თქვა, რომ ის ჩვენები გამოკვლეულიყო და რაღაც ციტირებები მომხდარიყო. ეს არის პირველი ნიშანი იმის, რომ რეალურად, საკუთარ თავთან მოდის წინააღმდეგობაში და სინამდვილეში ის გამოძიების პროცესშიც მანიპულირებდა. მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც ამას ასევე ადასტურებს, არის ის, რომ გამოძიების პროცესში წარმოადგინა დოკუმენტი-კალკულაცია, რომელიც ახლა უარყო და ასევე თქვა, რომ არ მომხდარიყო ამის გამოქვეყნება”, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
გიორგი ბაჩიაშვილი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, კრიპტოვალუტის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ცნო დამნაშავედ და მას 11 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.