2008 წლის 11 აგვისტოს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი თავგანწირული ბრძოლის ამბავი დაიწერა.
მეორე ქვეითი ბრიგადის მსუბუქად შეიარაღებული საინჟინრო ოცეული მძიმედ შეიარაღებული რუსი ოკუპანტების ალყაში მოექცა. უთანასწორო ბრძოლა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ქართველმა სამხედროებმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. დაიღუპა 17 ჯარისკაცი, მხოლოდ რამდენიმე დაჭრილი სამხედრო გადარჩა. ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიფარა და რუსი ოკუპანტებისგან დაიცვა.
„სროლა რომ დაიწყო, სარდაფში ჩავედით. „სინკარი” ზანზარებდა სროლის ხმისგან. ტანკები ისროდნენ“, – ამბობს ახმეტა, იგივე ბადრი ხუციშვილი.
ახმეტა შინდისელია. მან და მისმა თანასოფლელებმა ხუთი დაჭრილი ქართველი სამხედრო შეიფარეს. ერთ-ერთი გადარჩენილი სამხედრო ოკუპანტებთან 17 წლის წინანდელ შეტაკებას იხსენებს.
„ახლო ჩასაფრებაში მოვყევით… მე ხელსა და ფეხში დავიჭერი, გამაგრებული სადაც ვიყავი, იქ ხელყუმბარა შემომიგდეს და კონტუზია მქონდა. 2 დღეზე მეტი ვიყავი მიცვალებულებთან ერთად. მესამე დღეს მნახეს ადგილობრივებმა… შალვა კვინიკაძემ და ახმეტამ“, – ამბობს 2008 წლისა და შინდისის შეტაკების მონაწილე გიგა მურვანიძე.
გორის რაიონის სოფელ შინდისში აღმართულ მემორიალთან დილიდან შეიკრიბნენ დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები. ისინი ყოველწლიურად მოდიან აქ და პატივს მიაგებენ უთანასწორო ბრძოლაში დაცემული მეომრების ხსოვნას. ამ ადგილებში გამართულ ომთან არაერთი საგმირო ისტორიაა დაკავშირებული. ამ ამბების გახსენება კი ოჯახის წევრებისთვის განსაკუთრებით მძიმეა. შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ. მედიასთან საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო მემორიალის აღმართვას გეგმავს ბრძოლის ადგილზე. 2008 წლის ომის დაწყებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია. შინდისში მემორიალთან მივიდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
„2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა. ისინი თავიდანვე იყვნენ უცხოელი აგენტები და ჩაიდინეს ღალატი 2008 წელს, შეასრულეს მთავარი მოღალატეობრივი დავალება, როდესაც დაიწყეს ომი“, – ეს თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა.
საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ კი თქვა, რომ აგვისტოს ომიდან მეჩვიდმეტე წელს, როდესაც რუსეთის აგრესიას საქართველოს უამრავი სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა, კითხვის ნიშნის დასმა თუ ვინ დაიწყო ომი – მტრის საქმეა.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დრამატული ეპიზოდია. თავგანწირული ბრძოლა გამართეს გმირებმა, რომელთა სახელებს ქართველი საზოგადოება არასდროს დაივიწყებს. ესენი არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე…