„ქართული ოცნების“ ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. მათ გვირგვინით შეამკეს გმირთა საფლავები.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, 17 წლის წინ „ყველას ჰქონდა ვალდებულება, ომი აერიდებინა, მაგრამ ეს არ გაკეთდა“:
„მთავარი ვალდებულება არის, შევასრულოთ ჩვენი როლი სამშობლოს წინაშე. ჩვენი ვალია, დავიცვათ სამშობლო და ჩვენი სამშობლოს ინტერესები. ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულება, რომ ავარიდოთ ჩვენს სამშობლოს ხიფათი. პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოება, რომ ჩვენი სამშობლო საფრთხის წინაშე არ იყოს და არ იყოს ომის საშიშროების ქვეშ, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ამიტომ, ნუ ეფარებიან ის ადამიანები ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ ეს ომი სამშობლოსთვის აერიდებინათ, მაგრამ ეს არ გაკეთდა…“
.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 2008 წლის აგვისტოს ომი იყო „ავანტიურა“. ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებაში მან საქართველოს ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა.
„ფაქტების ქრონოლოგია ასახულია მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ტალიავინის დასკვნაში, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს მაშინდელმა რეჟიმმა გახსნა არტილერიული ცეცხლი ცხინვალზე. მეორე დღეს ამას საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა მოჰყვა… თეორიულად ჩვენ რომ მივიტანოთ შტურმი ცხინვალზე ან სოხუმზე ხვალ, ომი დაიწყება…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას იზიარებენ მმართველი პარტიის სხვა ლიდერებიც. ისინი მიიჩნევენ, რომ 17 წლის წინ განვითარებული მოვლენები იყო „სამშობლოს ღალატი“ და „გარე დაკვეთა“.
„2008 წელს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის სახით მარიონეტული რეჟიმი გვყავდა. მარიონეტული რეჟიმი სრულად მოქმედებდა იმისთვის, რომ მომსახურებოდა სხვების და არა საქართველოს ინტერესებს. ამის შედეგია აგვისტოს ომი… როგორ დაკვეთასაც იღებდნენ, რა ინტერესსაც უნდა მომსახურებოდნენ, ასე იქცეოდნენ. ეს არის სხვაობა მარიონეტულ და პატრიოტულ ხელისუფლებებს შორის… როგორ შეიძლება მოღალატე და მარიონეტი მმართველი რაიმენაირად იყოს დაკავშირებული ქართველ გმირებთან?“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„17 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. აქ განისვენებენ ის ჯარისკაცები, ის ვაჟკაცები, ის საქართველოს შვილები, რომლებმაც დაიცვეს საკუთარი სამშობლო და საკუთარი სამშობლოსთვის გაიღეს ყველაზე მეტი – საკუთარი სიცოცხლე. ჩვენ, როგორც მთლიანად თავდაცვის ძალები, თავდაცვის სამინისტრო, პირადად მეც, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი ხსოვნა…“ – ამბობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
ხელისუფლების წარმომადგენლები 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევენ. 7 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ასევე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები.
საქართველოში რუსეთის ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოებაც.