მთავარისაქართველო„ქართულმა ოცნებამ” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მათგან არცერთი არ არის ქალი.

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის სხვადასხვა საარჩევნო ოლქში „ქართულ ოცნებას” 25 მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება. ისინი “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ წარადგინეს.

თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების სია ასეთია:

მთაწმინდის ოლქში – ზურაბ აბაშიძე. ის თბილისის საკრებულოს მოქმედი თავჯდომარეა.
ვაკეში „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარობის ორი კანდიდატი ჰყავს  – ალექსნადრე ასათიანი და ბექა გელენავა;
საბურთალოზე – ბექა მიკაუტაძე, შალვა პერანიძე, ასევე მომღერალი არჩილ ნიჟარაძე;
კრწანისის ოლქში – ლევან ჯაფარიძე;
ისანში – კახაბერ ლაბუჩიძე, ბექა მენთეშაშვილი და დავით ხაბეიშვილი;
სამგორში – გიორგი დოხტურიშვილი და ზაქარია წიკლაური;
ვარკეთილში – ვაჟა კოკაია;
ლილო-ორხევის დასახლებებში – მამუკა ხაბარელი;
ჩუღურეთში – ზურაბ ჩიკვილაძე;
დიდუბეში – გივი ჩხარტიშვილი და შოთა ქევხიშვილი;

მაჟორიტარობის ყველაზე მეტი, ოთხ-ოთხი კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ ნაძალადევისა და გლდანის ოლქებში ჰყავს. ირაკლი ბენდელიანი, შალვა მაისურაძე, დავით ჭელიძე და ვალერიან პაპუაშვილი ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან. რაც შეეხება გლდანს, აქ მმართველმა პარტიამ შალვა ობგაიძის, ცოტნე ჩიქვინიძის, მიხეილ რეხვიაშვილისა და ჯაბა კოღუას კანდიდატურები წარადგინა.

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარების რაოდენობა გაზრდილია, პროპორციულად არჩეული დეპუტატების კი – შემცირებული.

მიზეზი „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გახდა.

თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიება “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართა. მას არ დასწრებია პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მხოლოდ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ასევე თბილისის მერმა, კახა კალაძემ:

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პირველივე დღეებიდან დავიწყეთ, ეს იყო საუბარი მოსახლეობასთან, ყოველდღიური შეხვედრები თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში მცხოვრებ ადამიანთან, მათი პრობლემების გაცნობა. გაცნობა ყველა იმ გამოწვევის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხებოდა.

ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვით თბილისის საკრებულოს მაჟორიტარებს. სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის პრობლემა მოაქვთ ჩვენამდე და ერთად ვიწყებთ ზომების მიღებას მათ გადასაჭრელად…“ – თქვა კახა კალაძემ.

„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. 4 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

31 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე მესამედ წარადგინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend