ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.
„ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის, მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას ორი წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო, დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მისი რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით“, – წერია ევროკავშირის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები დემოკრატიის საფუძველს უთხრის ძირს.
„მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლების უფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება დევნის ან გაუმართლებელი შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მისი გაჩუმებისკენ, სწორედ დემოკრატიის საფუძველს უთხრის ძირს, არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროკავშირი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი.
