“დიდება გმირებს!” – ამ ლოზუნგით თბილისში, გმირთა მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი მოქალაქეებმა გვირგვინით შეამკეს. მათი თქმით, 17 წლის წინ, 7 აგვისტოს რუსეთის ინტერვენცია იყო საქართველოს წინააღმდეგ კრემლის აგრესიის მორიგი გამოვლინება.
მოქალაქეთა ნაწილი შეცდომად თვლის დავას ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ საუბარი 8 აგვისტოზე, როგორც სამხედრო მოქმედებების დაწყების დღეზე, რუსული პროპაგანდის ნაწილია. მათივე თქმით, რუსული ოკუპაცია ორ საუკუნეზე მეტია, გრძელდება და ჯერაც არ დასრულებულა, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი კვლავ ოკუპირებულია, დეფაქტო “საზღვრიდან” იტაცებენ მოქალაქეებს, ხოლო ათასობით პირი კვლავ ვერ უბრუნდება საკუთარ სახლ-კარს.