მთავარისაქართველოანტონ ჩეჩინის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულდა

ანტონ ჩეჩინის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული ანტონ ჩეჩინის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე თავად ბრალდებული გამოიკითხა და ამით დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულდა.

განაჩენის გამოცხადებამდე მხარეთა დასკვნითი სიტყვები რჩება. პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი დასკვნით სიტყვას ხვალ, 8 აგვისტოს, იტყვის – ადვოკატი კი, 25 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომაზე.

ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს და სასჯელის ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ჩეჩინი ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს“ და ამას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ამავე მუხლით ედავებოდა აქციებისას დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძესაც, რომელიც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გუშინ, 6 აგვისტოს, გაამართლა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ნარკოდანაშაულს აქციებისას დაკავებულ კიდევ რამდენიმე პირს ედავებიან.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:29
spot_imgspot_img
Send this to a friend