კატეგორიები

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 17 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 17 წელი გავიდა

საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 17 წელი გავიდა.

რუსეთის ომს საქართველოს 412 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 747 პირი კი დაიჭრა, მათ შორის იყვნენ სამოქალაქო პირები და მედიის წარმომადგენლები, საკუთარი სახლ-კარი 130 ათასმა ადამიანმა დატოვა, 30 ათასამდე მოქალაქე დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია.

ომი 5 დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე. ომის დასრულების შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ დე-ფაქტო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა აღიარა.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 17 წლის თავთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ლატვიის საგარეო უწყება სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ არ ივიწყებენ 17 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მსხვერპლს.

„ჩვენ ვგმობთ უკანონო შეჭრას და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი ხალხის უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 17 წლის წინ დაწყებულ ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა.

„ამ დღეს 17 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა ნათლად აჩვენა თავისი აგრესია და სურვილი, რომ თავის იმპერიულ წარსულს ჩაეჭიდოს”, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი განცხადებით, დღეს ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

 

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები