მზია ამაღლობელს პატიმრობა მიესაჯა – 2 წლით…
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი განაჩენის გამოცხადებისას გადააკვალიფიცირა, მაგრამ მზია ამაღლობელი მაინც დამნაშავედ ცნო, 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, ამჯერად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მოსამართლის განაჩენი მაინც ყველაზე მკაცრი აღმოჩნდა – პატიმრობა. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯარიმასაც ითვალისწინებს.
მუხლის გადაკვალიფიცირებით შეიცვალა არამხოლოდ სასჯელის ვადა, არამედ ბრალიც – გაბათილდა პოლიციელზე თავდასხმის ვერსია, რასაც პროკურატურა 7 თვის განმავლობაში ამტკიცებდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ჟურნალისტის უფლებადამცველის, მაია მწარიაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო სამართალთან.
მზია ამაღლობელის განაჩენს „არაპროპორციულსა“ და „პოლიტიზირებულს“ უწოდებს ევროპის 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა. ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერები არიან მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი და მოკავშირე ქვეყნები. ისინი საუბრობენ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის მნიშვნელოვნად გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საქართველოს ევროპელი პარტნიორები ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნას შეუერთდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გზავნილით – „ჟურნალისტობა დანაშაული არ არის!“
მზია ამაღლობელის განაჩენი დაგმო საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა. განცხადება ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის სახელით ვრცელდება.
Amnesty International-ის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციის წარმოადგენლების მიერ ჩადენილი ქმედებები: სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეფურთხება და უარი სამედიცინო დახმარებაზე. ორგანიზაციის განმარტებით, ჟურნალისტის სასამართლო პროცესები „სავსე იყო პროცედურული დარღვევებითა და მიკერძოებით“.
ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შესახებ 14 ივლისის სასამართლო სხდომაზე ისაუბრა მზია ამაღლობელმაც. დაცვის მხარის მტკიცებულებებისა და ჩვენებების მიუხედავად, მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი დღემდე არა აქვს მინიჭებული. პროკურატურა საქმეს არ იძიებს.
მზია ამაღლობელის განაჩენს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ფეისბუკის პოსტში შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა რამდენიმე საქმე, რომელზეც, მისი თქმით, ქართულმა სასამართლომ და სტრასბურგის სასამართლომ ერთნაირი განაჩენი გამოაცხადეს. პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ მიიჩნევს, რომ ევროპელი დიპლომატები თავს ესხმიან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას.
ბოლო თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლიდერები არაერთხელ გამოეხმაურენ მზია ამაღლობელის საქმეს. ჟურნალისტის შესახებ მმართველი პარტიის პოლიტიკოსების განცხადებები მზია ამაღლობელის ადვოკატებმა „უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად“ შეაფასეს.
ამის გამო მათ არაერთხელ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის გამოკითხვა, რაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა.
4 აგვისტოს, დასკვნით სიტყვაში მზია ამაღლობელმა თქვა, რომ მოსამართლის განაჩენი არა მხოლოდ მისი, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ამ საქმეში მონაწილე ყველა პირის სასჯელი იქნებოდა. ჟურნალისტი თავს გამარჯვებულად თვლის და ყველას – კოლეგებს, მხარდამჭერებსა და რიგით მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებს: „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“.