სასამართლომ გიორგი ახობაძე გაამართლა – მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა აქციებისას დაკავებული ექიმი უდანაშაულოდ ცნო. მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება „მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის“ გამო მიიღო და გიორგი ახობაძე, რომელმაც პატიმრობაში რვა თვე გაატარა, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
გიორგი ახობაძის უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე „გამამართლებელი განაჩენი უალტერნატივო იყო.“
ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ სასამართლო უბრალოდ „ვერ გაექცა“ იმ არგუმეტებს, რომლებიც საქმეში დაცვის მხარეს ჰქონდა წარმოდგენილი.
„ჩვენ არაერთი მტკიცებულება მოვიპოვეთ. არერთი ფაქტი და არგუმენტი დავუდეთ ფაქტობრივად ხელის გულზე მოსამართლეს. გიორგი ახობაძემაც თავისი საბოლოო სიტყვით პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ამხილა საგამოძიებო ორგანო. დავადასტურეთ ის, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა. რასაც ვამბობდით თვეების განმავლობაში – რომ გიორგის ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამ პირობებშიც კი, როცა გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ გვქონდა, ვფიქრობ, სასამართლო ვერ გაექცა იმ არგუმენტებს, რაც ჩვენი მხრიდან იქნა წარდგენილი. და ბუნებრივია, მიიღო ერთადერთი სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება. ნამდვილად შემიძლია იმის თქმა, რომ მოსამართლემ ობიექტურად განიხილა ეს სისხლის სამართლის საქმე. ამ პირობებში გამამართლებელი განაჩენი უალტერნატივო იყო“, – განაცხადა გიორგი ახობაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ახობაძემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას.
გიორგი ახობაძეს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა. ეს მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებული თვეების განმავლობაში ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას დაკავებისას ,,ჩაუდეს”. მისი თქმით, პოლიციელებმა მისი პირის ღრუდან ძალის გამოყენებით აიღეს ბიოლოგიური მასალა და ნარკოტიკული საშუალების პაკეტზე თავად დაიტანეს. 25 ივლისს ბრალდებულმა ექიმმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა და თქვა, რომ მისი სიხლის სამართლის საქმე „რევანში და შურისძიებაა.“
გიორგი ახობაძის განაჩენს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც.
ომბუდსმენი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა 2025 წლის 24 მარტს სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა და ხაზი გაუსვა ნეიტრალური მტკიცებულებების არსებობის მნიშვნელობას.“
„სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დაყენებას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძის საქმე ერთი თვის წინ, ფაქტობრივად სასამართლო განხილვის დასასრულს გადაიბარა მიხეილ ჯინჯოლიასგან. საქმის ახალმა მოსამართლემ გიორგი ახობაძის დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ განაჩენის გამოცხადება ორჯერ გადადო.
გიორგი ახობაძის გარდა, პროკურატურა ნარკოდანაშაულს ედავება აქციებისას დაკავებულ კიდევ რამდენიმე ახალგაზრდას, მათ შორის, ნიკა კაციასა და თედო აბრამოვს. რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ დასასრულს უახლოვდება მათი საქმეების განხილვაც.