პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუკზე“ წერს, რომ საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე არ მიიწვიეს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დანიის პარლამენტის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ კოპენჰაგენი საქართველოს დელეგაციას არ მიიწვევს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების კონფერენციაზე.
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, რეგლამენტის მიხედვით, დანიის პარლამენტს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე დანიას კონფერენციის რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს, კოპენჰაგენის ნაბიჯს „თვითნებობას“ უწოდებს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროინტეგრაციის შეჩერებაზე საუბარს „დეზინფორმაციას“.
„დანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თავის წერილში აღიარებს, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, „აქვს უფლება, მოწვეული იყოს COSAC-ის შეხვედრებზე“. მართლაც, COSAC-ის რეგლამენტის 3.2 მუხლი ადგენს, რომ „თითოეული კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის სამი წევრი მოწვეული უნდა იყოს დამკვირვებლის სტატუსით COSAC-ის პლენარულ და რიგგარეშე შეხვედრებზე“, და არ შეიცავს არანაირ რეგულაციას მათ მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში.
საპასუხო წერილში შალვა პაპუაშვილი დანიის პარლამენტის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს განუმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის მომავალი თანამშრომლობისა და დიალოგისთვის.
საქართველოს დელეგაცია ასევე არ არის მიწვეული კოპენჰაგენში, სექტემბერში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე. დანიის დედაქალაქი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრებს, ასევე უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისა და თურქეთის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი თემა ევრობლოკის გაფართოების საკითხი იქნება.
