კატეგორიები

ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა „ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების შესახებ“ გაეროს კონფერენციაზე

ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა „ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების შესახებ“ გაეროს კონფერენციაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის ქალაქ ავაზაში იმყოფება. ის მონაწილეობს „ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების შესახებ“ გაეროს კონფერენციაში.

ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, შეასრულოს სატრანზიტო როლი ევროპასა და აზიას შორის.

„ვამაყობთ, რომ ვაკავშირებთ ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებთან და ვთავაზობთ მათ შესაძლებლობებს. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე ჩვენმა სტრატეგიულმა მდებარეობამ გვაქცია ჩვენ საკვანძო სატრანზიტო დერეფნად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კონტინენტებსა და ბაზრებს. ევროპული ბიზნესებისთვის საქართველო არის ყველაზე ხელსაყრელი სახმელეთო მარშრუტი, არამხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალური აზიის ბაზრების მიმართულებით. ასევე აღმოსავლეთით მდებარე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ჩვენ ვართ კარიბჭე ევროპისკენ, როგორც გეოგრაფიული, ისე სავაჭრო მიმართულებით. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უფრო ეფექტურ კარიბჭედ უნდა ვიქცეთ…

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის მზაობის“ 2024 წლის რეიტინგის თანახმად, საქართველო მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო სამეულშია, სინგაპურსა და ესტონეთთან ერთად. ასევე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საქართველო ნომერ პირველი ქვეყანაა სამართლის უზენაესობის რეიტინგში. ჩვენ შევქმენით ციფრულად განვითარებული და სანდოდ ორგანიზებული, თავისუფალი ბიზნესგარემო.

ჩვენი ხედვა, გავხდეთ მრავალფუნქციური და მრავალმხრივი ჰაბი, მხარდაჭერილია ტრანსფორმაციული ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელთა შორისაცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო და მშრალი პორტები – ყველა მათგანი აძლიერებს საქართველოს შუა დერეფნის როლს ევროპასა და აზიას შორის. ეს ინფრასტრუქტურა არ არის შექმნილი მხოლოდ საქართველოსთვის. ის აშენებულია, რათა ემსახუროს მთელ რეგიონს, გახსნას უფრო ფართო ბაზარი, შეამციროს ტრანზიტის ფასი და ჩვენი ეკონომიკები ინტეგრირდეს გლობალურ სისტემაში“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

თურქმენეთში ყოფნისას ირაკლი კობახიძე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს. მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდა თურქმენეთის პრეზიდენტს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ასევე სომხეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების საკითხი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები