მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის არმია ძლიერდება

გერმანიის არმია ძლიერდება

გერმანიის შეიარაღებული ძალები მასშტაბური გადაიარაღების მოლოდინში არიან. მას შემდეგ, რაც გერმანიამ განიზრახა, უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოყოს თავდაცვის გასაძლიერებლად, საერთაშორისო გამოცემები უკვე დეტალებსაც ასაჯაროებენ. ამბობენ, რომ ბერლინი ემზადება, უახლოეს მომავალში შეიძინოს რამდენიმე ათეული „ევროფაიტერის“ ტიპის გამანადგურებელი, დაახლოებით 3000 ჯავშანმანქანა „ბოქსერი“, ამდენივე ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ტანკი და ასე შემდეგ.

„სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის” მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპის უსაფრთხოების სადარაჯოზე გერმანია საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთთან ერთად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

გერმანიის ახალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ლონდონში ანგლო-გერმანულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, ეს ვიზიტი მალევე შედგა, რაც პრეზიდენტმა მაკრონმა ლონდონი  დატოვა. შეთანხმება ითვალისწინებდა საზღვაო უსაფრთხოების საკითხებსა და  თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაღრმავებასაც, განსაკუთრებით შორ მანძილზე დარტყმების შესაძლებლობების დახვეწას. ინფორმაცია  „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის” მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ასახული.

ამასთან ცნობილია, რომ ბერლინი თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდასაც გეგმავს და 2026 წლისთვის 83 მილიარდ ევრომდე მიაღწევს. ეს კი 20 მილიარდი ევროთი მეტია, ვიდრე ბუნდესვერს 2025 წლისთვის აქვს გამოყოფილი.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა  ვალდებულება აიღო, რომ უპასუხებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან დაწესებულ ნორმებს და 2029 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ს თავდაცვის მიზნებისთვის გამოყოფს.

რამდენიმე დღის წინ  ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დაგეგმილია სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის გაზრდაც. ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უნდა დაემატოს მინიმუმ 60 ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასევე ჩამოყალიბდეს ძლიერი, მინიმუმ 200 000-იანი კარგად მომზადებული რეზერვი.

„გარდა უკვე დაწყებული შეიარაღების პროექტებისა, როგორებიცაა Leopard 2A8 ტანკი, Patriot და IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვა, მიმდინარეობს ჩვენი ძალების გაციფრულება — თქვენთან ერთად წელსაც დავიწყებთ მრავალ მნიშვნელოვან ინიციატივაზე მუშაობას: ვგულისხმობ საბრძოლო მასალას, დრონებს, თვითმავალ ჰაუბიცებსა და Eurofighter-ებს.

ჩვენი მიზანია, ამ საკანონმდებლო ვადაში კიდევ უფრო დავაჩქაროთ შესყიდვები და გავაღრმაოთ თანამშრომლობა მწარმოებლებთან,  რადგან სწორედ აქ არის ჩვენი წარმატების გასაღები. დიახ, ეს ყოველივე,  რა თქმა უნდა, სიმართლეა, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ვინც ტექნოლოგიურად ჩამორჩება, ის უსაფრთხოების პოლიტიკაშიც ჩამორჩება. ამიტომ ჩვენ მიზანმიმართულად ვაბანდებთ მომავალ ტექნოლოგიებში — მცირე დრონებისგან თავდაცვით დაწყებული, ბრძოლის მართვასა და ოპერატიულ ხედვაში ხელოვნური ინტელექტის  ინტეგრაციით დასრულებული“, – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ასევე ამზადებს გეგმებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რამდენიმე ასეული SkyRanger-ის ტიპის დრონის საწინააღმდეგო პლატფორმის შესაძენად. დასავლური გამოცემების მიხედვით,  ამ შესყიდვებთან დაკავშირებული ფინანსური დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend