საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა გაეროში საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა გაუარესდა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს ძირითადად გამოწვეულია 2024 წლის გაზაფხულიდან ხელისუფლების მიერ დაჩქარებული წესით კანონების მიღებით. HRW-ის შეფასებით, ისინი ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს.
დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრისას, ორგანიზაცია მიზეზთა შორის ასახელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ არაპროპორციულ საპოლიციო ძალას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელისუფლება სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობაზე არასათანადოდ რეაგირებდა.
ანგარიშში ორგანიზაცია საუბრობს აქციებისას დაკავებულთა პირებზე. ამ კონტექსტში ხაზგასმულია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე. ორგანიზაციის განმარტებით, ამ საქმეს დამოუკიდებელი სასამართლო არ განიხილავს.
დოკუმენტში Human Rights Watch-მა წარმოადგინა რამდენიმე რეკომენდაციაც. ის მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და დემონსტრაციებისას დაკავებული სხვა პირები, დაიცვას მედიისა და მოქალაქეთა სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება. ასევე ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, გააუქმოს რეპრესიულად შეფასებული საკანონმდებლო ცვლილებები და გამოიძიოს როგორც ჟურნალისტების, ისე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა.