მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირი, რომელთაც პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღეს, 31 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდებულთათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულთა ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის გაუქმება ან მისი ალტერნატიული ფორმით შეცვლა რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით მოითხოვეს.
ისინი მიუთითებდნენ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ბრალდებულთა პატიმრობას დაედო საფუძვლად – მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე – წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ თეორიულადაც კი აღარ არსებობს.
ამასთან, მათივე თქმით, წინა სასამართლო პროცესზე გამოვლენილი გარემოება – საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენება, რომლის თანახმადაც, საქმეში ბრალდებულებსა და ე.წ. ორგანიზატორებად მოაზრებულ პირებს შორის „პირდაპირი კავშირი დადგენილი არ არის”, ადასტურებს, რომ გამოძიება შედეგის გარეშე წარიმართა და ბრალდებას არ აქვს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეში ბრალდებული 11 პირის ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას დაადასტურებდა.
ამ საქმეზე გამართულ წინა სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულდა. შესაბამისად, საქმის განხილვა ახალ ეტაპზე გადავიდა. ახლა ჯერი დაცვის მხარეზეა, თუმცა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულთა უფლებადამცველებს მოწმეები არ წარმოუდგენიათ. ადვოკატთა ნაწილის განმარტებით, სხდომაზე მოწმეთა მოსაყვანად მათ გონივრული ვადა არ ჰქონიათ.
სხდომის დაწყებისას, ვიდრე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების თაობაზე იმსჯელებდა, ბრალდებულების: ჯანო არჩაიასა და გურამ მირცხულავას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ, სასამართლოს მისი დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გააცნო და საქმეზე ამ დასკვნის დართვა მოითხოვა. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეს ახალი მტკიცებულება დაურთო. ამ ექსპერტიზის დასკვნით, გური მირცხულავას წინააღმდეგ არსებული ვიდეომტკიცებულება, სულ მცირე, ორჯერ არის დამონტაჟებული.
ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.