მთავარისაქართველოსუსმა დააკავა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი

სუსმა დააკავა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დააკავა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა.

უწყების თანახმად, მას ბრალი ედება თაღლითობაში. სუსი განმარტავს, რომ ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას შეჰპირდა, სანაცვლოდ კი მისგან 5 600 ამერიკული დოლარი მოითხოვა.

„2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის მოქალაქემ ლ.ც.-ს მოთხოვნით, მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა.

ამის შემდგომ ლ. ც. მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისს და 12 ივნისს ქალაქ თბილისში ლ.ც.-სთან შეხვედრებისას მას დამატებით 2 500 ამერიკული დოლარი გადასცა.

ამრიგად, ლ. ც. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მის მიერ მოთხოვნილი 5 600 აშშ დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის 2 650 ამერიკულ დოლარს“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.


.

უწყების ინფორმაციით, მათ სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩაატარეს ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოიპოვეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეომტკიცებულებები.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის დაკავებას გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. თინა ბოკუჩავას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული გააქტიურება პარტიის მზარდ რეიტინგს უკავშირდება. მანვე უწყების გამოძიება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 29 ივლისის განცხადებას დაუკავშირა. სააკაშვილის თქმით, „სუსი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში“.


.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ დავუშვებ სუსის მიერ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ ფილტრაციას, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციასა და მარგინალიზაციას. „ნაციონალური მოძრაობა“ შედგა, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულის სწორი გააზრებით იხედება მხოლოდ და მხოლოდ წინ, ხვალინდელი, ნათელი, ევროპული დღისკენ…“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend