მთავარისაქართველოსააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

„საქართველო 2 წლის განმავლობაში არ დამიტოვებია. მხოლოდ მაშინ გავხდი იძულებული, როცა პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია, ციხეში შენს წამებას აპირებენო”, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის საქმის განხილვა დაიწყო. ბაჩიაშვილი მეორე ინსტანციაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

იგი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, ფულის მითვისებაში ცნო დამნაშავედ და მას 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ახლა მის საქმეს მოსამართლეები პაატა სილაგაძე, დავით მამისეიშვილი და გიორგი კურატიშვილი განიხილავენ.

დღეს, 30 ივლისს, გამართულ სხდომაზე, ბაჩიაშვილმა თქვა, რომ მიზეზი მისი სამართლებრივი დევნის მიღმა პოლიტიკურია და ეს „პირადი შურისძიებაა”. მანვე თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ ნდობა არ აქვს და მისი საქმე „სრულად პოლიტიკური და შეკვეთილი სამართლის ცხადი მაგალითია“.

„2 წლის წინ, როცა ეს პროცესი დაიწყო, ჯერ კიდევ რაღაც გარკვეული დემოკრატიის შირმა ჰქონდა ჩვენს მთავრობას შენარჩუნებული. მე მაშინვე დავიწყე იმაზე საუბარი, თუ რა მიზეზით დაიწყო ეს დევნა ჩემ წინააღმდეგ. რეალური მიზეზი ამ დევნის მიღმა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური და პირადი შურისძიებაა.

პირადი შურისძიებაა იქიდან გამომდინარე, რომ მე უარი ვთქვი იმ დროს, დასაწყისშივე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და იმ ანტიდასავლურ ქმედებებზე, რომელთათვისაც დღეს უკვე მთელი ჩვენი მთავრობა, ბევრი თქვენი კოლეგა [მიმართავს მოსამართლეებს] და ბევრი ამ პატივცემულის, პროკურორის კოლეგა დასანქცირებულია…

მე პირადად ნული მაქვს მთელი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობა, თქვენი პირადი დიდი პატივისცემის მიუხედავად…

არ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი, რომელმაც არ შეაფასა ეს შეკერილი საქმე, რომელშიც არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ივანიშვილის პირადი ჩვენებისა. არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ჩემ წინააღმდეგ ამ საქმეში არ არის. შესაბამისად, ეს გასამართლება სრულად პოლიტიკური და შეკვეთილი სამართლის ცხადი მაგალითია”, – თქვა ბაჩიაშვილმა.

„თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც მიიღო ინფორმაცია, თითქოს ციხეში მის წამებას აპირებდნენ. მანვე გაიხსენა, თუ როგორ ჩამოიყვანეს საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2 მარტს სომხეთის საზღვრის გავლით დატოვა.

„მე მართლა არ დამიტოვებია საქართველო 2 წლის მანძილზე. მხოლოდ მაშინ გავხდი იძულებული, როცა პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია, ციხეში შენს წამებას აპირებენო. გაგჭყლეტ ციხეშიო, ივანიშვილმა პირდაპირ ასე თქვაო. ზუსტად ამ სიტყვების მერე გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება.

და რა მოხდა ამის შემდეგ: თავზე ტომარაჩამოფარებული მატარეს 2 დღე აბუ-დაბიში და დუბაიში… ძალით შემათრიეს „აირზენას“ თვითმფრინავზე, სადაც დამხვდა ანრი ოხანაშვილი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი. ყველანაირი კანონის დარღვევით. მე თქვენ წინაშე ვდგავარ მოტაცებული. მე დღეს პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე. მინდა, რომ იცოდეთ. ასეა ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით. ვითომ რომ მიპოვეს თეთრი მაისურით და თეთრი ფეხსაცმლით სადღაც მდინარეგადმოცურული, ეს არის სიცრუე და ამაზე, ამ მოტაცებაზე გამოძიების დაწყება ვითხოვე ჯერ კიდევ 29 მაისს, როდესაც ჩემი სასამართლო სხდომა იყო სხვა საქმეზე. არც ერთი ადამიანი, არც მე არ დავკითხულვარ, არც ჩანაწერი ამოღებულა, არც დაზარალებულად ვცნობილვარ, არანაირი პროცედურა არ გაუტარებიათ.

და შემდგომ, როცა აქ ჩამომიყვანეს, ტყვეობაში, 11 ივლისს წამება მომიწყვეს…” – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ივნისის ბოლოს შესული ცვლილებების შემდეგ ეს პირველი პროცესია, რომელსაც მედია იღებს. პროცესის გადაღების ნებართვა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია „იმედზე” გაიცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend