მთავარისაქართველომოსკოვი „შანტაჟს“ უწოდებს თბილისისადმი ბრიუსელის რეკომენდაციებს

მოსკოვი „შანტაჟს“ უწოდებს თბილისისადმი ბრიუსელის რეკომენდაციებს

მოსკოვი „შანტაჟს“ უწოდებს თბილისისადმი ბრიუსელის რეკომენდაციებს.

ყოველკვირეულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ საქართველოს შესახებაც ისაუბრა.

დიპლომატმა საქართველოს ევროპელ პარტნიორებს „ევრობიუროკრატები“ უწოდა და ისინი ქვეყნის სუვერენიტეტის შებღალვაში დაადანაშაულა. მარია ზახაროვა ფიქრობს, რომ ბრიუსელი ცდილობს, მათ „დასჯას, ვინც ევრობლოკის წესებს არ მიჰყვება“. ამისთვის კი, როგორც რუსი დიპლომატი აცხადებს, ევროკავშირი სანქციებით იმუქრება.

მარია ზახაროვამ გააკრიტიკა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

„საერთოდ ვერ ვხვდები, რის საფუძველზე კარნახობენ დღის წესრიგს წევრი სახელმწიფოები არაწევრ ქვეყნებს. რატომ აკეთებს ამას კაია კალასი, რომელმაც ვერანაირად, ვერაფერში გამოიჩინა კონსტრუქციულობა და რაღაც დინასტიის წევრია.
ასე იქცევა ევროკავშირი, როდესაც საუბრობს, თითქოს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა. ვფიქრობ, რასაც ბრიუსელი აკეთებს, გაკვეთილი უნდა იყოს ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ყველანაირი გზით ცდილობს ევროკავშირში გაწევრებას, ან იჯერებს მათი მისამართით წარმოთქმულ განცხადებებს, მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. ეს გაკვეთილი უნდა იყოს მათთვისაც კი, ვინც ცდილობს, მჭიდრო კავშირი ჩამოაყალიბოს ევრობლოკთან.

აი, ასე დაგელაპარაკებიან თქვენც – გაუგებარია ვინ და რატომ ან რის საფუძველზე – თავს ისე აჩვენებენ, თითქოს აქვთ უფლება ასე დამამცირებლად ესაუბრონ სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს უზარმაზარი, საინტერესო და მდიდარი ისტორია. დასრულდა ის დრო, როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს ელოლიავებოდნენ ან, თუნდაც, სიტყვიერად ითვალისწინებდნენ მათ ინტერესებს. არა მგონია, ამ დროს ევროკავშირი ოდესმე დაუბრუნდეს…

ევროპის გზაზე დადგომა ახლა არის ეროვნულ სუვერენიტეტსა და ღირებულებებზე სრულად უარის თქმა… შეხედეთ, კაია კალასმა თქვა, თითქოს საქართველომ დემოკრატიულ გზაზე უკან დაიხია. რამდენადაც მახსოვს, ის ესტონეთიდან არის. ესტონეთი ყოველთვის იყო საინტერესო დიდი ბრიტანეთისთვის. დიდ ბრიტანეთში ახლახან ამოქმედდა კანონი ინტერნეტში მოქალაქეების ტოტალური კონტროლის შესახებ. კითხვა მაქვს – რატომ არ სცალია კაია კალასს დიდ ბრიტანეთში დემოკრატიის უკუსვლაზე სასაუბროდ? ასწავლოს ლონდონს, როგორ არ დაიხიონ უკან დემოკრატიის გზაზე…

ევრობიუროკრატები ცდილობენ, საჯაროდ დასაჯონ სახელმწიფოები, რომლებიც ბრიუსელს არ ემორჩილებიან. მაგალითად: სანქციებით, დამამცირებელი განცხადებებით, ღია შანტაჟით, მათ შორის რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებსაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმებით ემუქრებიან…“ – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ბრიუსელმა „ქართულ ოცნებას“ 8 რეკომენდაციის შესასრულებლად ვადა 31 აგვისტოს ჩათვლით მისცა. ევროკავშირი პარტიისგან მოითხოვს, დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზაზე და გააუქმოს დაჩქარებული წესით მიღებული კანონმდებლობა. კერძოდ, საუბარია „უცხოეთის გავლენის რეგისტრაციის აქტისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებზე.

ევრორეკომენდაციების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა საქართველოს ევროპელი პარტნიორები არაერთხელ დაადანაშაულეს „შანტაჟის ენით საუბარში“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend