მთავარიმსოფლიოავსტრალიაავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებს YouTube-ს ანგარიშების გახსნა აეკრძალებათ

ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებს YouTube-ს ანგარიშების გახსნა აეკრძალებათ

ავსტრალიის მთავრობა აცხადებს, რომ YouTube დაემატება იმ სოციალური მედიაპლატფორმების სიას, რომლებსაც დეკემბრიდან ექნებათ ვალდებულება, არ დაუშვან 16 წლამდე ბავშვებისთვის ანგარიშების შექმნა.

ავსტრალიის პარლამენტმა ნოემბერში, მსოფლიოში პირველმა მიიღო კანონები, რომლებიც 16 წლამდე მოზარდებს უკრძალავს გარკვეულ სოციალურ პლატფორმებზე ანგარიშების გახსნას, მათ შორისაა Facebook, Instagram, Snapchat, Tiktok და X.

ასაკობრივი შეზღუდვები 10 დეკემბრიდან ამოქმედდება და პლატფორმებს 50 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არსებულ რეგულაციებს არ დაემორჩილებიან.

„ჩვენ ამ წესებსა და კანონებს ვიღებთ მშობლების სახელით, რომლებსაც სურთ და ეკუთვნით უკეთესი დაცვითი მექანიზმები თავიანთი შვილებისთვის ონლაინსივრცეში. გვსურს, ბავშვებმა ჯერ თავად გაიგონ, ვინ არიან ისინი, ვიდრე პლატფორმები განსაზღვრავენ მათ ვინაობას. ამიტომ მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო YouTube-ს შესახებ: შეუძლებელია უგულებელვყოთ მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, 10-დან 4 ავსტრალიელი ბავშვი აცხადებს, რომ მათ ზიანი უკანასკნელად YouTube-ზე მიადგათ.

მე არ შევუშინდები იურიდიულ მუქარას მაშინ, როდესაც ეს არის გულწრფელი ბრძოლა ავსტრალიელი ბავშვების კეთილდღეობისთვის. ეს არის ბრძოლა, რომელში ჩართულობის სურვილსაც ჩემ გვერდით მდგომ მშობლებს ტრაგიკული მიზეზები ანიჭებთ. არ არსებობს პრობლემის იდეალური გადაწყვეტა ახალგაზრდა ავსტრალიელების ონლაინდაცულობისთვის, მაგრამ სოციალურ მედიაში მინიმალური ასაკის დაწესება მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, – განაცხადა ავსტრალიის კომუნიკაციების მინისტრმა ანიკა უელსმა.

პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი კი ამბობს, რომ ავსტრალია სექტემბერში, ნიუ-იორკში, გაეროს ფორუმზე გამართავს კამპანიას, რომლის მთავარი გზავნილიც საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება იქნება სოციალურ მედიაში ბავშვების მონაწილეობის ასაკრძალად.

„ეს ჩვენი პოზიციაა. სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული, თუ თავად რას გააკეთებენ ისინი. მაგრამ მე ვიცი იმ საუბრებიდან, რაც სხვა ლიდერებთან მქონია, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ამ საკითხს და მსჯელობენ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური მედია ახალგაზრდებზე საკუთარ ქვეყნებში. ეს საერთო გამოცდილებაა — ეს მხოლოდ ავსტრალიის გამოცდილება არ არის”, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend