მთავარიევროპასერბეთიახალი საპროტესტო ტალღა სერბეთში

ახალი საპროტესტო ტალღა სერბეთში

სერბეთში ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვა ქალაქ ნოვი-პაზარში მომხდარ შემთხვევას.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ანტისამთავრობო აქციებში მონაწილე სტუდენტების ნაწილი უცნობმა პირებმა ძალის გამოყენებით იმ შენობიდან გამოაძევეს, სადაც მათ რამდენიმე თვის განმავლობაში დემონსტრაციების დასაგეგმად საჭირო სივრცე ჰქონდათ მოწყობილი.

მათ მხარდასაჭერად ქალაქ კრალევოში ასობით მოქალაქე შეიკრიბა. ისინი სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის, საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ და სტუდენტების შენობაში დაბრუნებას მოითხოვდნენ.

საპროტესტო აქციას სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. დემონსტრანტებმა სერბეთის სახელისუფლებო პარტიის ოფისს, ასევე ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს, მათ შორის ბოთლები და კვერცხები. საპასუხოდ, მათ წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ხელკეტი გამოიყენა.

რამდენიმესაათიანი დაძაბულობის შემდეგ სამართალდამცველებმა აქტივისტი სტუდენტების ნაწილი შენობაში შეუშვა.

ქალაქ ნოვი-პაზარისთვის პოლიტიკური დაძაბულობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. დედაქალაქ ბელგრადიდან 300 კილომეტრით დაშორებული ნოვი-პაზარი მრავალეთნიკურ დასახლებად ითვლება. 1990-იან წლებში ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი ომების შედეგად ბოსნიელ მუსულმანებსა და სერბებს შორის უთანხმოება გაზრდილია. ნოვი-პაზარში დაწყებული მასშტაბური სტუდენტური გამოსვლები ადგილობრივებმა ეთნიკური უთანხმოების დასრულების გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასეს.

სერბეთში ფართომასშტაბიანი პროტესტი გასული წლის ნოემბერში დაიწყო. ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ნგრევის შედეგად 16 პირი დაიღუპა. მაშინ მოქალაქეებმა ტრაგედია სერბეთში ფართოდ გავრცელებულ კორუფციას დაუკავშირეს.

მეცხრე თვეა, დემონსტრანტები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. პროტესტის ჩახშობა ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა რამდენჯერმე სცადა. ხელისუფლებამ გაამკაცრა რეგულაციები „შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებების შესახებ“ კანონში, ასევე გაზარდა ზეწოლა უმაღლეს სასწავლებლებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend