გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამართა შეხვედრა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტას შეეხო.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი ეფექტიანი გზა ორი სახელმწიფოს პრინციპია.
„ჩვენ ვიცით, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს პრინციპი, რომლის შემთხვევაშიც ორი დამოუკიდებელი, სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფო, ისრაელი და პალესტინა, გვერდიგვერდ, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იარსებებს. ჩემი მთავარი კითხვა მათ მიმართ, ვინც ამის წინააღმდეგ მიდის, ასეთია: რა არის ალტერნატივა? ერთი სახელმწიფოს რეალობა, რომელშიც პალესტინელებს ართმევენ თანაბარ უფლებებს და იძულებულს ხდიან, იცხოვრონ მუდმივი ოკუპაციისა და უთანასწორობის პირობებში, თუ ის რეალობა, რომელშიც პალესტინელებს თავიანთი მიწებიდან აძევებენ.
Let’s be clear: The creeping annexation of the occupied West Bank is illegal.
It must stop.The wholesale destruction of Gaza is intolerable.
It must stop.Unilateral actions that would forever undermine the two-state solution are unacceptable.
They must stop.— António Guterres (@antonioguterres) July 28, 2025
ეს არაა მშვიდობა. ეს არაა სამართლიანობა და არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეს მიუღებელია. ერთადერთი რეალისტური, სამართლიანი და მდგრადი გამოსავალი ორი სახელმწიფოს, ისრაელისა და პალესტინის, პრინციპია. ისინი მშვიდობიანად და უსაფრთხოდ თანაარსებობენ 1967 წლამდე არსებული საზღვრების საფუძველზე. ორივე სახელმწიფოს დედაქალაქი იერუსალიმია საერთაშორისო სამართლის, გაეროს რეზოლუციებისა და სხვა შესაბამისი შეთანხმების მიხედვით“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.
გაეროს გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ ისრაელი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს იზრუნოს თავის უსაფრთხოებაზე, დაუშვებელია პალესტინელების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.
„მოდი, დავასრულოთ პალესტინის სახელმწიფოებრიობასა და ისრაელის უსაფრთხოებას შორის ყალბი არჩევანი. ოკუპაციაში უსაფრთხოება არ არსებობს. დავადასტუროთ, რომ ისრაელის ლეგიტიმური ნაბიჯები უსაფრთხოებისთვის ისევე უნდა განიხილებოდეს, როგორც პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური უფლებები. ამ კონფლიქტის მართვა შეუძლებელია. ის უნდა მოგვარდეს. ჩვენ არ შეგვიძლია, დაველოდოთ იდეალურ პირობებს, უნდა შევქმნათ ეს პირობები. არ შეგვიძლია სამშვიდობო ძალისხმევა იქამდე გადავდოთ, სანამ ტანჯვა აუტანელი არ გახდება. უნდა ვიმოქმედოთ, სანამ გვიანი არაა“, – ამბობს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში.
გაეროს ამ შეხვედრას არ დასწრებიან ისრაელისა და აშშ-ის წარმომადგენლები. შეხვედრას 125 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის 50 მინისტრი ესწრება.