სამხრეთ გერმანიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რასაც სამი მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. გერმანიის ფედერალური და ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია. სარკინიგზო კატასტროფა მიუნხენიდან 158 კილომეტრში მოხდა.
სამგზავრო მატარებელში დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა. ორი ვაგონი ტყის მიმდებარედ 18:10 საათზე გადავიდა ლიანდაგებიდან. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ მაშველები მგზავრების დახმარებას და გადაყირავებული ვაგონებიდან მათ გამოყვანას.
„ჩემს სიძესთან ვიყავი დაბადების დღეზე. ამ დროს ქარიშხალი ამოვარდა. ცოტა რომ ჩაწყნარდა, სირენის ხმა გავიგე, ვერტმფრენის ხმაც იყო. ამიტომ მანქანით სახლში წამოვედი. აქვე ვცხოვრობ, ჩემი შვილებიც აქ ცხოვრობენ. ვიფიქრე, რამე სერიოზული მოხდა-მეთქი. გზაში პოლიციამ გამაჩერა და მკითხა, სად მოვდიოდი. ვუთხარი, რომ სახლში ვბრუნდებოდი. პოლიციელისგან გავიგე, რომ მატარებელი ლიანდაგებიდან გადავარდა. გადავწყვიტე, ჩემი თვალით მენახა, რა ხდებოდა. რომ მივედი, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ქარიშხლის გამო ტალახი ჩამორეცხილიყო გზაზე. თავად გაწმინდა გზა. მერე ძლიერი ხმა გაიგონა… ძალიან ძლიერი ხმა… და იფიქრა, რომ რაღაც მოხდა“, – განაცხადა გერმანიის ადგილობრივმა მცხოვრებმა კარლ ფიგელმა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა განცხადება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. გერმანიის რკინიგზის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან.