რუსულ სახელმწიფო მედიასთან საუბრისას, დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, „სულ მცირე, მოქმედი ხელისუფლებით“, საქართველომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება უნდა დაივიწყოს. კონსტანტინ ზატულინი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მსურველ ქართულ საზოგადოებას „სოროსის მიერ მართულები“ უწოდა.
„სხვათა შორის, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება ქართული სახელმწიფოს ოფიციალურ მიზნად რჩება. თუმცა უახლოეს პერიოდში არანაირ ევროკავშირსა და ნატოზე არ უნდა იყოს საუბარი, სულ მცირე, ამ ხელისუფლებით ამის დავიწყება მოუწევთ. ეს მეტასტაზები ხომ შორს წავიდნენ და ქართული საზოგადოება სავსეა სოროსის შვილიშვილებით…“ – განუცხადა კონსტანტინ ზატულინმა რუსულ მედიას.
რუსი დეპუტატი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ამერიკულის სიტყვა-სიტყვითი თარგმანია.
„რის გამო ატყდა აურზაური გასულ წელს? იმის გამო, რომ მიიღეს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, ამერიკულისგან გადაწერილი“, – ამბობს რუსეთის დუმის დეპუტატი.
კონსტანტინ ზატულინმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ კონტექსტში დეპუტატმა ახსენა 2008 წლის აგვისტოს ომი. მისი თქმით, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს” „საკუთარი ინტერესები“ აქვთ, ე.წ. „სამხრეთ ოსეთს“ კი რუსეთთან შეერთება სურს, ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად „ერთიანი ოსეთის“ ჩამოსაყალიბებლად. კონსტანტინე ზატულინი დასძენს, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში საქართველო დამარცხდება და „პრობლემებს შექმნის“.
„გასაგებია, რომ საქართველო ამ შემთხვევაში რთულ მდგომარეობაშია. ერთი მხრივ, მას არ შეუძლია რუსეთთან დაახლოება და ადრინდელ დროში დაბრუნება, რადგან ჩვენ შორის არის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული ისტორია. საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ არის მზად, უარი თქვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. სხვაობა ისაა, რომ თუკი 2008 წელს სააკაშვილი ცდილობდა, ეს გაეკეთებინა ელვისებრი გამარჯვების კამპანიით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, ამა თუ იმ გზის გამონახვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საკუთარი ინტერესები აქვთ. მათ არ სურთ „დამოუკიდებლობაზე“ უარის თქმა. ისინი თვლიან, რომ არსებობის განმავლობაში, როგორც იქნა, ასეთი შანსი მიეცათ. ამიტომ ყველანაირად იბრძვიან, განსაკუთრებით აფხაზეთში. სამხრეთ ოსეთში საერთოდ არ სურთ საქართველოს შემადგენლობაში. მათ სურთ რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, ერთიანი ოსეთის შესაქმნელად – თუნდაც, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, თუმცა, საერთო, განუყოფელი საზღვრით…“ – თქვა კონსტანტინე ზატულინმა რუსულ სახელმწიფო მედიასთან საუბრისას.