მთავარისაქართველოლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

27 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს ვეტერანი სპორტსმენისა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ლუკა კურტანიძის, კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან. ამ ვიდეოში ის ქალს ფიზიკურად ესხმის თავს. მოგვიანებით კი გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებშიც ხათუნა მიქაცაძეს სხეულის დაზიანებები აქვს მიღებული.

ლუკა კურტანიძის ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო და მან არაერთხელ მიმართა სამართალდამცველებს დახმარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ხათუნა მიქაცაძე პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ლუკა კურტანიძე მასთან კონფლიქტისას ხშირად ამბობდა ფრაზას – „მე ვარ სახელმწიფო და შენ უპირისპირდები სახელმწიფოს“.

„ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლებიც კი დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან. მისამართი ვუთხარი საპატრულო ეკიპაჟს, სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ და „წამობრძანდით, უნდა გამოგკითხოთო“, – განაცხადა ხათუნა მიქაცაძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

ძალადობის შემცველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება ლუკა კურტანიძის დაკავების შესახებ. უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება და ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება – კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლუკა კურტანიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend