ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებს, რომ უწყებას კორუფციასთან ბრძოლაში ახალი კანონები დიდ დახმარებას გაუწევს.
რაჟდენ კუპრაშვილი საჯარო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება და იმ სიახლეების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომლებიც სექტემბრიდან ამოქმედდება. კანონი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორის, ძლიერდება მამხილებლის უფლებები. კერძოდ, ნებისმიერ პირს ექნება უფლება, საჯარო დაწესებულებაში კორუფცია ამხილოს.
კანონი მის ანონიმურობას უზრუნველყოფს და ასევე იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, მამხილებელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
„ამ ცვლილებებით საჯარო სექტორებში და მათ შორის, თვითმმართველობებში გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. რაც ყველაზე მთავარია – აღმოიფხვრება ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის ფაქტები. საერთოდ აიკრძალება, რომ რომელიმე თანამდებობის პირმა რამდენიმე საჯარო სექტორში იმუშაოს. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მდგრადობისთვის, ისე გამჭვირვალობისთვის, ანგარიშვალდებულებისთვის. ეს რეფორმები განხორციელდება ზუსტად იმ ფორმით, რაც კანონმდებელმა დააწესა.
მთავარია, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეისწავლონ და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დროულად ხდებოდეს რეაგირება. შესაბამისად, თუ საჯარო სექტორში იარსებებს მსგავსი წარმოების მექანიზმები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საჯარო მოხელის გადაწყვეტილებას კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის. ამიტომ აქ არანაირი საფრთხე არ არის – პირიქით, საჯარო მოხელეებს ძალიან კარგად ესმით, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ასეთი ფაქტის გადამოწმებას იმისთვის, რომ საჯარო სექტორში აღმოიფხვრას ნებისმიერი სისუსტე, რომელმაც შეიძლება შექმნას კორუფციული რისკი. ზუსტად ეს არის პრევენცია, რომ კონკრეტულ დარღვევასა და დანაშაულს დავასწროთ და მანამდე მიეცეს საშუალება პრევენციას, რომ გამოასწოროს არსებული სისუსტე“, – განმარტა კუპრაშვილმა.
მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერებას „ქართული ოცნების” ოპონენტები აქტივისტებისა და თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურად რეპრესიულ ბერკეტს უწოდებენ.
