კატეგორიები

გრძელდება თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობების დემონტაჟი

გრძელდება თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობების დემონტაჟი

მოქალაქეები უყურებენ იმ შენობების ნგრევას, საიდანაც ისინი 24 ივლისს გამოასახლეს. მძიმე ტექნიკა აგრძელებს თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ხუთი შენობის დემონტაჟს. მისამართზე მცხოვრებთა ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა. ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. ჯერ კიდევ არსებული შენობებიდან მოქალაქეებს გამოაქვთ ნგრევას გადარჩენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და პირადი ნივთები, რომლებსაც ქუჩაში აწყობენ.

თვალჭრელიძის ქუჩის პირველი ნომრიდან გამოსახლებულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ სახელმწიფოს მათთვის არაფერი შეუთავაზებია. შესაბამის სტრუქტურებსა და პოლიტიკოსებს ისინი უყურადღებობაში ადანაშაულებენ. საუბრობენ თბილისის მერის პასუხისმგებლობაზეც და კვლავ მოითხოვენ კახა კალაძესთან შეხვედრას. თუმცა დედაქალაქის მერმა სპეციალური ვიდეომიმართვაც გაავრცელა და თქვა, რომ ტერიტორია კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის.

„წარმოუდგენელია, რეგიონში ფლობდე მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ ფართს და დედაქალაქში სახელმწიფო მიწა მიიტაცო სახლის აშენების მიზნით… გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარედ სახლის ჩამოშლას მოჰყვა. ზუსტად ის ხალხი, ვგულისხმობ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ე.წ. ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გვლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან ხალხის იძულებით გაყვანა არის დანაშაული. თანაც ეს მათი საკუთრება არ არის. ეს იგივეა თქვენს საცხოვრებელში შემოიჭრას ვინმე, მიმართოთ სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ იმოქმედოს…“ – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ 24 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

თვალჭრელიძის ქუჩაზე მივიდა კომპანია „ბლექ სი ფროფერთის“ წარმომადგენელიც. ახლა სწორედ ეს კომპანია ფლობს მისამართზე მდებარე ხუთ შენობას. „ბლექ სი ფროფერთის“ წარმომადგენლის, გიორგი ჩაფიძის თქმით, არაერთი მოლაპარაკების შემდეგ კომპანიამ ათობით ოჯახი მათი მოთხოვნების შესაბამისად დააკმაყოფილა. მის ამ განცხადებას გამოსახლებულთა ნაწილი კატეგორიულად უარყოფს.

„ჩვენი კომპანია ორი წლის განმავლობაში მოსახლეობასთან საკმაოდ ხშირად აწარმოებდა მოლაპარაკებას დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. დღევანდელი მოცემულობით დაკმაყოფილებულია ათობით ოჯახი, რისი შესაბამისი ხელმოწერილი დოკუმენტი და კონტრაქტიც არსებობს. არსებობს სამხარაულის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ობიექტი მიეკუთვნება მეოთხე ხარისხის დაზიანებას და აკრძალულია ასეთ შენობაში ცხოვრება. ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ არ ვაძლევთ თავიანთი ნივთების გატანის შესაძლებლობას. ამ წუთის მდგომარეობით ისინი იმყოფებიან თავიანთ ფართებში, თხოვნის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ჩვენ ისინი გავითვალისწინეთ…“ – ამბობს კომპანია „ბლექ სი ფროფერთის“ წარმომადგენელი გიორგი ჩაფიძე.

სამგორის რაიონში თვალჭრელიძის ქუჩაზე არსებული ხუთი შენობიდან მოქალაქეთა გამოსახლება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 24 ივლისს დილით დაიწყო. უწყების თანახმად, პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განჩინება. ამავე უწყების ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შენობების ავარიულობისა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველობა დაადგინა.

მოქალაქეთა რამდენიმესაათიანი გამოსახლების პროცესს ადგილზე ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა. დაკავებულთა ნაწილი გამოსახლებული მოქალაქეა, ნაწილი კი მათ მხარდასაჭერად მისული პირები არიან. ისინი მცხეთისა და კახეთის იზოლატორებში გადაიყვანეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები