საქართველოს შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანუარ ელ ანუნი ევროკავშირის სახელით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით.
„ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს იმ დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის როლს შეეხება. ბოლოდროინდელი ცრუ ინფორმაციის მატარებელი განცხადებები, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე. წ. „არატრადიციული ღირებულებების“ თავზე მოხვევას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს.
რუსეთის სტილში შეთხზული შეთქმულების თეორიებითა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაზიანება მხოლოდ მათთვის არის ხელსაყრელი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება”.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ევროკავშირი გმობს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის, წინააღმდეგ განხორციელებულ პერსონალურ თავდასხმებს. მათი თქმით, ელჩი სასიცოცხლო როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში და მას ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს.
მტკიცედ ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე, პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში. ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან, მოერიდოს წამქეზებლურ პირად თავდასხმებს და თავისი მოსახლეობის ევროპული მომავლის მისაღწევად იმუშაოს.
ევროკავშირი იყო და არის საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ უცხადებს მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მოქალაქეებს და გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ სვლაში”, – წერია განცხადებაში.
