„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 3 000 ლარით დაჯარიმდა ორგანიზაციის რეგიონული ოფისების მენეჯერსა და ჟურნალისტზე, ზვიად ქორიძეზე, თავდამსხმელი.
საუბარია 2025 წლის 14-15 იანვრის ღამით, ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც ზვიად ქორიძეს რამდენიმე პირმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ორგანიზაციის თანახმად, ზვიად ქორიძეზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ გოჩა სამხარაძე, გიორგი მანველიძე და კიდევ რამდენიმე პირი. მათგან მხოლოდ ერთი, გოჩა სამხარაძე, 24 ივნისს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად დამნაშავედ ცნო. ეს მუხლი ძალადობას ითვალისწინებს.
ზვიად ქორიძის საქმესთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სასამართლოსა და პროკურატურას მიკერძოებასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის განცხადებით, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ჯგუფური ძალადობის მიუხედავად, ბრალი წარედგინა მხოლოდ ერთ პირს, დანარჩენი თავდამსხმელები კი დაუსჯელები დარჩნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლება „მოძალადეებს მფარველობს“.
