კატეგორიები

საბა სხვიტარიძეს ბრალი შეუმსუბუქდა

საბა სხვიტარიძეს ბრალი შეუმსუბუქდა
საპროტესტო აქციებისას დაკავებულ საბა სხვიტარიძეს პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა. ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე გახდა.

აქამდე საბა სხვიტარიძეს სახელმწიფო ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პროცესზე პროკურორმა როინ ხინთიბიძემ თქვა, საბა სხვიტარიძეს შესაძლოა არ სცოდნოდა, რომ მირიან ქავთარაძე, რომელზეც თავდასხმასაც მას ედავებიან, პოლიციელი იყო და აქციებისას დაკავებული აქტივისტის ბრალი გადაკვალიფიცირდა.

ახლა მას სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე უხლით ედავებიან. ეს მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ჯარიმით, ექვს თვემდე ვადით გამასწორებელი სამუშაოთი, ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სხდომაზე გადაიხედა საბა სხვიტარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობაც, თუმცა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიჩნია, რომ მიუხედავად ბრალის შემსუბუქებისა, საფრთხეები, რომელთა გამოც აქტივისტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, კვლავ არსებობს და შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე ძალაში უნდა დარჩეს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებამ დასკვნითი სიტყვაც წარმოთქვა. პროკურორს ხანგრძლივი სიტყვა არ უთქვამს – მან 2024 წლის 4 დეკემბერს თბილისი მერიოტთან განვითარებული მოვლენები აღწერა, თქვა, რომ საქმეში დაზარალებულად მიჩნეულ მირიან ქავთარაძეს სწორედ საბა სხვიტარიძემ დაარტყა და მისი დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

საქმეზე მორიგი სხდომა 26 აგვისტოს არის ჩანიშნული. საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია – მტკიცებულებები მხარეებმა უკვე გამოიკვლიეს. ახლა განაჩენის გამოცხადებამდე დაცვის მხარისა და თავად ბრალდებულის დასკვნითი სიტყვები რჩება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები