ამერიკის შეიარაღებული ძალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სარდლობებადაა დაყოფილი. ესაა წყნარი ოკეანის, სამხრეთი, ჩრდილოეთის, ცენტრალური, აფრიკის სარდლობები. ხოლო ევროპის სარდლობა აერთიანებს სხვადასხვა კომპონენტს და მათ შორისაა ევროპასა და აფრიკაში ამერიკის არმიის წარმომადგენლობა, იგივე U.S. Army Europe and Africa, რომლის ორგანიზებით ან და მონაწილეობით ევროპის მასშტაბით არაერთი სამხედრო სწავლება ტარდება. მაგალითად, „სეიბერ გარდიანი“, „დეფენდერის ციკლის“ სწავლებები და ასე შემდეგ.
ევრონიუს ჯორჯიამ მიმდინარე წელს არაერთი სამხედრო წვრთნის პროცესი გააშუქა ევროპის მასშტაბით და აი, ახლა უკვე საქართველოშიც ბრუნდებიან ამერიკელი სამხედროები იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ სწავლებაში Agile Spirit 2025. წვრთნებში სხვა ამერიკული დანაყოფიც მონაწილეობს, ესაა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა.
აშშ საქართველოს თავდაცვის ძალებს არაერთ წვრთნას უტარებდა როგორც წვრთნისა და აღჭურვის, ისე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში. ერთ-ერთი იყო IMMEDIATE RESPONSE. რაც შეეხება NOBLE PARTNER-ს, ეს სწავლება საქართველოში 2015 წლიდან ტარდებოდა. ძირითადად მასში მონაწილეობდნენ საქართველო, აშშ და დიდი ბრიტანეთი. ეს სწავლება გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა 2024 წლის 5 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან გაირკვა, რომ შტატებმა სამხედრო მანევრები გააუქმა. მიზეზიც ახსნილი იყო: „წვრთნის გადადების გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ უსაფუძვლოდ დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ორგანიზაციები, თითქოს ისინი ზემოქმედებდნენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ქვეყანა მეორე ფრონტის გახსნით ჩართულიყო რუსეთთან კონფლიქტში უკრაინის მხარდასაჭერად“.
მიუხედავად ამისა, განცხადებაში მითითებული იყო, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და სრულად უჭერს მხარს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
სწავლება Agile Spirit კი 2011 წლიდან ტარდება და მასში ნატოს არაერთი წევრი და პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობდა, დაახლოებით 3000 ჯარისკაცი. წვრთნები, რომლებშიც გამოყენებული იყო ამერიკული ტექნიკა, სხვადასხვა სამხედრო სასროლეთზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად ყოველწლიური იყო, თუმცა მოგვიანებით მას დაემატა სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, რომელზეც ვსაუბრობდით. ამიტომ თითოეული სწავლება ყოველ მეორე წელს ტარდებოდა. „ღირსეული პარტნიორი“ (NOBLE PARTNER) შარშან გაუქმდა და წელს ტარდება AGILE SPIRIT.
ცნობილია, რომ ამ მანევრებში მონაწილეობენ: საქართველო, აშშ, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი და ლიეტუვა. წვრთნებში დამკვირვებლების სტატუსით არიან ჩართული სომხეთისა და იაპონიის დანაყოფები.
სწავლება ტარდება ორ ქვეყანაში: საქართველოსა და თურქეთში. საქართველოში რამდენიმე ადგილზე გაიმართება, კერძოდ: კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ვაზიანში, ნორიოს საწვრთნელ არეალში, მუხროვანსა და სენაკში – მე-2 ქვეით ბრიგადაში.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნებში ჩართული იქნება ამერიკული ჯავშანმანქანები და ვერტმფრენი „შავი ქორიც“.
