კატეგორიები

გამოსახლება სამგორის რაიონში

გამოსახლება სამგორის რაიონში

„ქირა შემოგვთავაზეს 3-4 თვით, მაგრამ გავა 3-4 თვე, მერე რა ვქნათ?! სად წავიდეთ? ის ფული სოციალურით უნდა გადავიხადო? ბავშვებს ხომ ვაკლებ იმ ორ ლუკმას. მეუღლე დღე და ღამე მუშაობს ორი კაპიკის საშოვნელად, რომ თვიდან თვემდე რაღაცით მაინც ვისარგებლოთ…“ – ამბობს მზევინარ აბაშვილი.

სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში, მდებარე შენობა ახლა მოსახლეობისგან დაცლილია. მისამართზე 24 ივლისის დილით მივიდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და ათობით ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყეს. სოციალურად დაუცველების, დევნილებისა და მუდმივი საცხოვრისის გარეშე მყოფთა უმრავლესობა ქუჩაში ელოდება სახელმწიფოს პასუხს კითხვაზე – სად გააგრძელონ ცხოვრება?

„სამწუხაროდ, ჩემს ქვეყანაში მე წასასვლელი არსად მაქვს. ამაღამ რომ დავიძინო, დასაძინებელიც კი არ გამაჩნია. ხომ გამომაგდეს გარეთ? რას დავაშავებ და რას გავაკეთებ, არ ვიცი. გამწარებული ადამიანი ყველაზე და ყველაფერზე საშიშია… ტანკი რომ შევარდეს და გადაუაროს, ეგრეა ყველაფერი დანგრეული და გადალეწილი, ვერაფერს პოულობს ხალხი, სად რა ყრია, არავინ იცის…“ – აცხადებს ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრები პირი.

აღსრულების პოლიციამ მოქალაქეებს შენობიდან არც პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცა. საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, სათამაშოები – ეს და სხვა ნივთები უწყების თანამშრომლებმა სატვირთო მანქანებით სხვადასხვა მისამართზე გადაიტანეს – მათივე განმარტებით, მოსახლეობასთან შეთანხმებით.

„მიმდინარეობს ამ საქმეების განხილვა. ჩვენი სურვილია, დღის ბოლომდე ყველა მოქალაქეს ვუპოვოთ თავშესაფარი, შესაბამისად, იქ გადავიტანთ ამ ნივთებს…“ – თქვა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ჯემალ ზურაშვილმა.

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობებიდან მოქალაქეთა გამოსახლებას აღსრულების ბიურო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხსნის. კერძოდ, საუბარია სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განჩინებაზე, რომლის თანახმადაც, მისამართზე მდებარე ხუთი შენობა ავარიული და მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშია. უწყება ასევე ამბობს, რომ ადგილობრივებს არაერთხელ შეხვდნენ და ინდივიდუალურად შეისწავლეს შენობებში მცხოვრებთა პირობები და საჭიროებები. აღსრულების ბიურო დასძენს, რომ „ოჯახების ნაწილმა დროებითი ქირით უზრუნველყოფას“ უარით უპასუხა.

„აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი ფუნქცია გახლავთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, რაც გულისხმობს, მათ შორის, კრედიტორის უფლებას, მიიღოს დროში ეფექტიანად და სწრაფად ის შედეგი, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ არის დადგენილი. სახელმწიფოს ვალდებულებაა, მათ შორის, რომ იყოს საკუთრების უფლება დაცული და ამ შემთხვევაშიც პირმა, რომელიც რეალური მესაკუთრეა ამ ქონების, სასამართლო წესით მიიღო დადასტურება იმისა, რომ ამ შენობებიდან უნდა გამოიყვანონ ფიზიკური პირები…“ – განაცხადა აღსრულების ეროვნული ბიუროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, სოფიკო ლოქაბიძემ.

სახელმწიფო სტრუქტურის ამ განცხადებას ადგილობრივები არ ეთანხმებიან. ადგილზე ვითარების გასაცნობად მათ თბილისის მერის მოსვლაც მოითხოვეს.

„ხომ შეიძლება, [ბლოკი] გადმოვარდეს და ვიღაცას ან ავტომანქანას დაეცეს?! ახლა გახდა ავარიული ეს შენობა?! სამხარაულის ექსპერტის დასკვნით, ახლა მიეკუთვნება მეოთხე კატეგორიის ავარიულობას?! ეს უნდა გაეთვალისწინებინა მერიას. ჰაერში არ უნდა დარჩეს ხალხი. მერიის ვალდებულებაა, რომ გადამოწმდეს თითოეული მოსახლე. რაიონში აქვთ? დაკმაყოფილდნენ რაიონში. ვისაც არაფერი გააჩნია და ქირასაც ვერ იხდის, დაკმაყოფილდეს ან საცხოვრისი ფართით ან იმ ჰონორარით, რომელიც უნდა გადაეცეს თითოეულ აქ მცხოვრებ უსახლკაროს, დაბალი [სოციალური] ქულის მქონეს, ლტოლვილის სტატუსის მქონეს. კეთილი ინებოს [მერიამ], ჰაერში ნუ დატოვებს თითოეულ ბავშვს…“ – ამბობს ქრისტინა ნარინდოშვილი, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები.

თუმცა კახა კალაძემ თქვა, რომ შენობა კერძო საკუთრებაა, „მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია“ და თბილისის მთავრობის მიდგომა ასე ახსნა:

„მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა, თუმცა დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ავარიულია და საჭიროებს გამოთავისუფლებას, ადამიანების გარკვეული რაოდენობა იყო შეჭრილი. ეს იგივეა, რომ თქვენს საკუთარ საცხოვრებელში ვინმე შეიჭრას და დასახლდეს. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, შენობა ავარიულია და, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ გამოიყვანენ…“

თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრებთა ნაწილი ხუთი შენობის დემონტაჟის მოლოდინშია. შენობის, სადაც მოქალაქეები საბაზისო საცხოვრებელი პირობების შექმნას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.

ადგილობრივების ცხოვრებას ახლა შენობის მიმდებარედ არსებული ეს ჭიშკარი ყოფს. მის მიღმა დარჩა მათი სურვილი ღირსეულ საცხოვრებელ პირობებზეც.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები