მთავარისაქართველო11 პირის საქმეზე ბრალდების კიდევ ორ მოწმეს მოუსმინეს

11 პირის საქმეზე ბრალდების კიდევ ორ მოწმეს მოუსმინეს

საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა და მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.

დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა გაგრძელდა – სხდომათა დარბაზში გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, სპეცრაზმელი გურამ კვირიკაშვილი. მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს და დაზარალებულად მიჩნეული სხვა პოლიციელების მსგავსად ვერ ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე ზიანი საქმეში ბრალდებული თერთმეტი პირიდან რომელიმემ მიაყენა. სპეცრაზმელმა აღნიშნა, რომ ბრალდებულებთან პრეტენზია მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ბრალი, რომელსაც მათ პროკურატურა ედავება, დაუდასტურდებათ. მანვე სხდომაზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე სპეცრაზმელების მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობა არ დაუნახავს და რომ „როგორც პოლიციელი ყველანაირ ძალადობას გმობს.“

სხდომაზე გამოიკითხა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე მეხანძრე, ილია ქვათაძეც. მანაც თქვა, რომ ვერ დაასახელებს იმ დემონსტრანტის ვინაობას, ვის გამოც აქციაზე დაშავდა.

დღესვე საქმეში ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ. ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ „პრევენციული მიზნებისთვის“ დაახლოებით 30 ადამიანის დაკავება გახდა საჭირო და საპროტესტო აქციებზე „სხვადასხვა დღეს ძალადობაში ჯამში ალბათ 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული, თუმცა დაკავებული მხოლოდ 30 ადამიანია“.

ამ განცხადების საპასუხოდ, საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი სასამართლო განხილვების პარალელურად აკეთებს განცხადებას, „რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს, ეს სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლაა“. მანვე თქვა, რომ თუ აქციებზე ვინმე დაზიანდა – პოლიციელი თუ დემონსტრანტი – ეს არავის უხარია და აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომ არ ისჯებიან ის პოლიციელები, რომლებიც აქციებისას დემონსტრანტებზე ძალადობდნენ.

„ის ადამიანები, რომლებიც აქ  დაზარალებულების სტატუსით მოდიან, ამბობენ, რომ არ დავუნახივართ, არ იციან, ვინ დააზიანა ისინი და პრეტენზიები არ აქვთ… ასე უმიზეზოდ, უმისამართოდ, მტკიცებულებების გარეშე არ ხდება დანაშაულის დადგენა“, -თქვა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე.

ამ საქმის ფარგლებში დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend