„რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქამდეც უნდა დაეწყო აქტიური კამპანია რძის პროდუქტების უკანონოდ მწარმოებელი საწარმოების გამოსავლენად. თუმცა, მისივე თქმით, მაინც კარგია რომ ახლა მოხდა რეაგირება, რასაც შედეგად მოჰყვა უამრავი ასეთი საწარმოს გამოვლენა.
კახა კონიაშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით არაერთი ასეთი საწარმოა, სადაც ჰიგიენური ნორმების წარმოუდგენელი მასშტაბის დარღვევითა და ფალსიფიკაციით ხდება რძისა და რძის პროდუქტების წარმოება. ეს კი მისივე თქმით, პირველ რიგში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ლეგალური ბიზნესის გაკოტრებამდე მიყვანის საფრთხეებს შეიცავს.
„ის, რაც ახლა ხდება, ძალიან კარგია, ერთი მხრივ, ჩვენ ბაზარს, მომხმარებელს არაჰიგიენურ პირობებში დამზადებული პროდუქციისგან დავიცავთ. გარდა ამისა, სხვა არალეგალური კომპანია, რომელიც ამას შეხედავს და რეალურად დაინახავს, რომ სახელმწიფო არალეგალურ, არაკეთილსინდისიერ მეწარმეობას ებრძვის, გონს მოეგება და თავის ბიზნესსაქმიანობას ლეგალურ ჩარჩოებში მოახდენს.
სურსათის წარმოება იოლი საქმე არაა. ეს არის საქმე, რომლის დროსაც საწარმო მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა გყავდეს, რათა იქ რამე მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ მოხდეს, გარდა ამისა, ქვეყნის მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინაშე მთელი რიგი ვალდებულებებია. ის ქმედებები, რომლებსაც სააგენტო ახორციელებს, უფრო ადრე და ინტენსიურად იყო დასაწყები”, – განაცხადა კონიაშვილმა.