ჩოხატაურისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან.
ადიგენის მერია სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე სოფელში დაიტბორა და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საქონლის სადგომები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
უწყების განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, გაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილზე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში კი ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც შეზღუდულია გადაადგილება.
როგორც მერია წერს, ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩოხატაური-ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა-ღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა.
ჩოხატაურის მერიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
