კატეგორიები

პოლიტიკური პოზიციები წინასაარჩევნოდ

პოლიტიკური პოზიციები წინასაარჩევნოდ

ოპოზიციურ ფლანგზე არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ვერ შედგა.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც პატიმრობაშია, აქვეყნებს წერილს, რომელშიც კონკურენტ ოპოზიციონერებს „პოლიტიკური ფოკუსის“ გასწორებისკენ მოუწოდებს. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის ჩამოშლა რეგიონებიდან უნდა დაიწყონ.

„„არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს – „კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს!” და „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”

არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. „ქართული ოცნების”არალეგიტიმურობა დამტკიცებული და გაცხადებულია საერთაშორისო დონეზე.

რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს „ქართული ოცნების” სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.

რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? – ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება!

რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო!“ – ნათქვამია წერილში.

საარჩევნო პროცესში „ლელოსთან“ თანამშრომლობით, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ მერობისა და საკრებულოების წევრობის კანდიდატების ძებნის პროცესშია. ამ პარტიას თავიდანვე გაცხადებული ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობა, რადგან თვლიან, რომ პოლიტიკური პარტია არჩევნებში უნდა იღებდეს მონაწილეობას, რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს შედეგების გაყალბების საშიშროება.

„კონსტიტუცია არის საქართველოს მოქალაქეების, არჩევნები ჩანიშნულია საქართველოს კონსტიტუციით, არჩევნები არ არის „ოცნების“, არჩევნები არის საქართველოს მოქალაქეების, როგორც ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროსი. რაც არ უნდა შეეცადოს კობახიძე, რომ წარმოაჩინოს თითქოს კონსტიტუცია ან არჩევნები კობახიძისაა, შეიძლება, სარკესთან დგას და ასე ეუბნება საკუთარ თავს, სინამდვილეში ეს არის საქართველოს მოქალაქეების საკუთრება“, – განაცხადა „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა.

ციხიდან წერილს აქვეყნებს კიდევ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე, რომელსაც წინა ორი პარტიისგან განსხვავებული შეხედულება აქვს ხელისუფლების ცვლილებასა და არჩევნებში მონაწილეობაზე. ვაშაძე მიიჩნევს, რომ ყველა პროდასავლური ხედვის მქონე ძალების ერთიანი წინააღმდეგობითა და უკომპრომისო ბოიკოტით მიიღწევა „ქართული ოცნების“ დამარცხება და არა არჩევნებში მონაწილეობით.

„როგორი გაერთიანება გვჭირდება?

პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები ერთიანდებიან სისტემურ, პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებულ ფორმატში, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასა და ეფექტურ მართვაზე.

გაერთიანება მოქმედებს ერთიანი სახელით – საერთო ბრენდის ქვეშ, რაც მკაფიოდ აჩვენებს საზოგადოებას, რომ არსებობს არა დაქსაქსული და ერთმანეთთან დაპირისპირებული, არამედ ერთიანი, ძლიერი გრავიტაციის ცენტრი, ამასთან, ყველა ჯგუფი ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას.

ვფიქრობ, ამ გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს.

დროა, აბსტრაქტული საუბრიდან გადავიდეთ კონკრეტულ ქმედებებზე. კარგია ე.წ. არჩევნებში არმონაწილე 8 პარტიის ფორმატი, თუმცა არ არის საკმარისი.

„ლელოს“ და გახარიას რაც შეეხება, თუ ისინი გადახედავენ პოზიციას და უარს იტყვიან ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, შეიძლება მათი შემოერთება ამ გაერთიანებაში“, – წერს ვაშაძე.

არჩევნების ბოიკოტი მიაჩნია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ რუსული მეთოდებით არა არჩევნებს, არამედ სპეციალურ ოპერაციას ატარებს.

„ჩვენი ლოზუნგი იყო და ახლაც არის – არა რუსულ სპეცოპერაციას, კი სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს. მაგრამ ასეთ ვითარებაში ნამდვილად ვერ ჩატარდება ვერც საპარლამენტო და ვერც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სხვა პარტიებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ რუსულ სპეცოპერაციაში“, – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციას „პოლიტიკური გაბუტვის“ რეჟიმის შეწყვეტისა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ოპოზიციას არჩევნებში შეუძლია ოპონირების გაწევა და ძალების ჩვენება. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ოპოზიციას მწყობრი ხედვები არ აქვს.

„ოპოზიციაში იდეათა სრული სიღარიბეა. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას უკეთეს ცხოვრებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინიციატივებით ესაუბრონ, რაღაც ახალ-ახალ იდეებს ახმოვანებენ, რაზე მსჯელობაც ღიმილის გარეშე გამიჭირდება. არჩევნებს თავისი წესები აქვს და სჯობს, არჩევნებისთვის მოემზადონ. სხვა შემთხვევაში, მათი იდეების ბუკეტი პირდაპირი ბილეთია არჩევნებში გარდაუვალი მარცხისთვის. საშუალება აქვთ, მოსახლეობას იდეები წარუდგინონ და სჯობს, პოლიტიკურ მატრაკვეცობას თავი დაანებონ. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდებიან“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან მახაშვილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად სექტემბრიდან დაიწყება. არაოფიციალურად კი უკვე რამდენიმე თვეა დაწყებულია. პარტიები მერობისა და საკრებულოების წევრობის კანდიდატებს საზოგადოებას აგვისტოსა და სექტემბერში წარუდგენენ. არჩევნებში მონაწილე პარტიების ვინაობა და რაოდენობა ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები