ფოტო არქივიდან
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. საქმის განხილვა კვლავ პროკურატურის მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდა.
სასამართლომ ბრალდების სამ მოწმეს მოუსმინა. მხარეთა კითხვებს უპასუხა კონსტანტინე კერესელიძემ – იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა.
სხდომაზე გამოიკითხა პოლიციელი თორნიკე ჯაფარიძეც, რომელმაც თქვა, რომ 2024 წლის 2 დეკემბერს მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელები დაშავდნენ და ერთ-ერთი პირი, რომელმაც პოლიციელების მიმართულებით აქციაზე ქვა ისროლა, საქმეში ბრალდებული ვალერი თეთრაშვილია.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე მხარეთა კითხვებს უპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით ცოპურაშვილმა. მოწმემ თქვა, რომ მისი მოვალეობაა, შეამოწმოს, არის თუ არა ტექნიკა წესრიგში. მოწმის ჩვენებით, 2024 წლის 30 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე წყლის ჭავლის მანქანის საქარე მინა დაზიანდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა ორი ბრალდებული – რევაზ კიკნაძე, რომელიც პროცესიდან რამდენი სხდომაა გაძევებულია და გიორგი ტერიშვილი, რომელიც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სასამართლო სხდომიდან წინა პროცესზე გააძევა.
სხდომის დაწყებისას სხვა ბრალდებულებმა გიორგი ტერიშვილის სხდომათა დარბაზში დაბრუნება მოითხოვეს. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა – გიორგი ტერიშვილს მომდევნო სხდომაზე დასწრების უფლება ექნება. თუმცა ნინო გალუსტაშვილმა კვლავ უარი განაცხადა კიდევ ერთი ბრალდებულის, რევაზ კიკნაძის, პროცესზე დაბრუნებაზე.
ამ საქმის ფარგლებში დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
