მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრებმა ანტიკორუფციულ ბიუროში ახალი მტკიცებულებები მიიტანეს. მათი მოთხოვნაა, რომ უწყებამ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერიან მჭედლიძის, საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათ აქვთ ის მტკიცებულებები, რომლებიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ბალდის კანიონის კორუფციული გზით გასხვისების სქემას ააშკარავებს.
მოძრაობის წევრები დღესვე, 22 ივლისს, შეხვდნენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს, რომელმაც მოძრაობის წევრების განცხადებით, მზაობა გამოთქვა ამ თემის გამოძიებასთან დაკავშირებით.
პროტესტი ბალდის კანიონთან 600 დღეზე მეტია გრძელდება. ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების გამო ბალდის კანიონზე, სოფლის მცხოვრებლების ნაწილსა და კომპანია „კანიონ 350-ის” წარმომადგენლებს შორის დავა 2023 წლის ზაფხულიდან დაიწყო.
მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრების თქმით, ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტომ კერძო კომპანია „კანიონი 350-ს” ადგილობრივებისგან მალულად 40-წლიანი იჯარით 2022 წელს გადასცა.
